თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი ამომრჩევლებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

აღნიშნული განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან ზუგდიდში, 1-ელ საარჩევნო უბანზე გააკეთა, მას შემდეგ რაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„საარჩევნო კამპანია დასრულებულია. დღეს არის არჩევნების დღე. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ მაქსიმალურად ყველამ მივიღოთ მონაწილეობა. დღეს გვჭირდება ქუდზე კაცი იმისთვის, რომ გაკეთდეს არჩევანი, რომელიც მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ჩვენ ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.