დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს.

პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის მოუწევს: -

(#41) “ქართული ოცნება“

(#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“

(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა

(#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“

(#25) “გახარია საქართველოსთვის“

(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

(#36) “გირჩი“

(#23) “ჩვენ“

(#6) “ევროპელი დემოკრატები“

(#17) “საქართველო“

(#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“

(#26) “მემარცხენე ალიანსი“

(#20) “თავისუფალი საქართველო“

(#21) “ტრიბუნა“

(#16) “შეცვალე საქართველო“

(#27) “ქართველ ერთობა“

(#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის არის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.

რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველია შეყვანილი.

დღეს კანონით დადგენილი მთელი რიგი აკრძალვები ამოქმედდება. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება.

დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა, საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა.

აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება.

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება ეკრძალებათ, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებ-გვერდზე.