ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის easyJet-ის მოგება 2026 ფისკალურ წელს მკვეთრად შემცირდა. 2026 წლის 30 სექტემბრით დასრულებული ფინანსური წლის განმავლობაში კომპანიის ძირითადი წინასაგადასახადო მოგება 71 მილიონ ფუნტამდე დაეცა, წინა წლის 665 მილიონ ფუნტთან შედარებით. ეს წლიურ ჭრილში 89%-იან შემცირებას ნიშნავს. ამის შესახებ Reuters კომპანიის ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
მოგების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწვავის გაძვირება გახდა. საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანიის საწვავის ხარჯი 11%-ით გაიზარდა და 2.5 მილიარდ ფუნტს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 244 მილიონი ფუნტით აღემატება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, რომელმაც საწვავის ფასების ზრდასთან ერთად მომხმარებელთა მოთხოვნაც შეასუსტა.
მიუხედავად მოგების მკვეთრი შემცირებისა, easyJet-ის შემოსავალი 6%-ით გაიზარდა და 10.7 მილიარდ ფუნტს მიაღწია. კომპანიის ფინანსურ შედეგებს მხარი დაუჭირა ტურისტულმა მიმართულებამ easyJet holidays, რომლის წინასაგადასახადო მოგება 266 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა, ავიაკომპანიის ძირითადი საქმიანობის მიმართულებამ კი 195 მილიონი ფუნტის ზარალი აჩვენა.
ცალკე აღსანიშნავია კომპანიის საკუთრების ცვლილების საკითხიც. ნოემბერში easyJet-ის აქციონერებმა ამერიკული საინვესტიციო კომპანია Apollo-ს მიერ ავიაკომპანიის 5.7 მილიარდ ფუნტად შესყიდვის გარიგებას მხარი დაუჭირეს. გარიგების დასრულება 2027 წლის პირველ კვარტალში იგეგმება, თუმცა ის კვლავ საჭიროებს მარეგულირებელ თანხმობას და ევროკავშირის საკუთრების წესებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.