საარჩევნო უბანზე უკვე იმყოფებოდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და დღევანდელ არჩევნებში მონაწილე პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ. როგორც მან ხმის მიცემის შემდეგ აღნიშნა, "ოცნება უნდა შეწყვიტოს" ყველამ და გადავიდეთ ქვეყნის ევროპული გაერთიანების გზაზე.

"ქართველი ხალხი უნდა იყოს გამარჯვებული. ხელისუფლების და ცესკოს მთავარი ამოცანაა, რომ ეს ასახოს ადეკვატურად და ობიექტურად. დანარჩენი ოცნებებია ადამიანების. მოვუწოდებ ყველას, უნდა შევწყვიტოთ ეს ოცნებები. უნდა შევწყვიტოთ ოცნება და გადავიდეთ საქმეზე და ქვეყანა მივიყვანოთ რაც შეიძლება სწრაფად ევროპული გაერთიანების გაზე,"  - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.

მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრეზიდენტმა

პარლამენტის თავმჯდომარემ

თავდაცვის მინისტრმა.