საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მან ხმა მისცა ახალ საქართველოს.

„მთელს საქართველოს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, რომელიც არის დღე ბედნიერი. მე ხმა მივეცი არა ვის, არამედ რას, ამჯერად. ხმა მივეცი ახალ საქართველოს, იმ საქართველოს, რომლის გულისთვისაც ამ ქვეყანაში 22 წლის წინ ჩამოვედი, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ. მე მივეცი ხმა იმ საქართველოს, რომელზეც, დარწმუნებული ვარ, ლოცულობს მთელი საქართველო. საღამოს ჩვენ ვიქნებით ყველანი გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.