100 მეტრის რადიუსში [საარჩევნო უბნიდან], არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოკრიმინალო, უფრო სწორად სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი არიან, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ადამიანები საარჩევნო უბნის კიბეებთან დგანან და ადამიანებს ხელს უშლიან არჩევანის გაკეთებაში.

„100 მეტრის რადიუსში არ შეიძლება იყვნენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც მოკრიმინალო, უფრო სწორად, სუს-ის „ნასეტკები“ და პოლიციასთან მოთანამშრომლე ხალხი არიან. ეს ადამიანები, არცერთი არ უნდა იდგნენ საარჩევნო უბანზე. ისინი დგანან კიბეებთან და ადამიანებს ხელს უშლიან არჩევანის გაკეთებაში. მიეცით შესაძლებლობა ადამიანებს, გააკეთონ არჩევანი მშვიდ გარემოში. სუს-ის აგრესიული „ნასეტკები“ უბნიდან უნდა წავიდნენ“, - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს:

"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრეზიდენტმა

პარლამენტის თავმჯდომარემ

თავდაცვის მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

თბილისის მერმა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და პოლიტიკურად აქტიურმა მოქალაქეებმა: 

გიორგი გახარიამ  (ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა)

ზურა გირჩი ჯაფარიძემ

გიორგი ვაშაძემ

ანა დოლიძემ

ნიკა გვარამიამ (ყოფილმა პროკურორმა)

გიორგი მარგველაშვილმა (ყოფილმა პრეზიდენტმა)

ნიკა მელიამ

მამუკა ხაზარაძემ