გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი პოზიცია თბილისის მე-9 საარჩევნო ოლქში გააკეთა. მინისტრის განცხადებით მან ქვეყნის მშვიდობიან წინსვლას მისცა ხმა.

„დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი არჩევნებია. დღეს გაკეთებული სწორი არჩევანი ნიშნავს ამ ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მშვიდობას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას, და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ, ევროპულ მომავალს. ვფიქრობ რომ სწორად ასეთ არჩევანს გააკეთებს ჩვენი ხალხი და საქართველო აუცილებლად გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას’’, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს:

"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრეზიდენტმა

პარლამენტის თავმჯდომარემ

თავდაცვის მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრმა

თბილისის მერმა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და პოლიტიკურად აქტიურმა მოქალაქეებმა: 

გიორგი გახარიამ  (ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა)

ზურა გირჩი ჯაფარიძემ

გიორგი ვაშაძემ

ანა დოლიძემ

ნიკა გვარამიამ (ყოფილმა პროკურორმა)

გიორგი მარგველაშვილმა (ყოფილმა პრეზიდენტმა)