საარჩევნო უბნებთან არ წყდება ქართველი ხალხის, შეუპოვრად მებრძოლი ქართველი ხალხის რიგები, რომლებიც უკვე რამდენი წელია, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო იტყვის თავის სიტყვას - "კი ევროპას! არა რუსეთს! არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!“ – ამის შესახებ "ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

სოფო ჯაფარიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის ისტორიაში.

„ხმა მივეცი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩემი შვილების ევროპულ მომავალს, ვარ ძალიან კარგ განწყობაზე, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ! ხედავთ, რა ხდება - მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრმა მოქალაქემ უკვე მისცა ხმა და საარჩევნო უბნებთან არ წყდება ქართველი ხალხის, შეუპოვრად მებრძოლი ქართველი ხალხის რიგები, რომლებიც უკვე რამდენი წელია, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ერთიანობით, აუცილებლად გავიმარჯვებთ და საქართველო იტყვის თავის სიტყვას - "კი ევროპას! არა რუსეთს! არა რუსულ რეჟიმს საქართველოში!" ყველას გთხოვთ, მაქსიმალურად ბევრნი უნდა მივიდეთ უბნებზე, გარწმუნებთ, ვერავინ ხედავს, ვის მისცემთ ხმას - ამას ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ამიტომ დადექით ხალხის მხარეს და მიეცით ხმა საქართველოს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.

მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს:

"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრეზიდენტმა

პარლამენტის თავმჯდომარემ

თავდაცვის მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

თბილისის მერმა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და პოლიტიკურად აქტიურმა მოქალაქეებმა: 

გიორგი გახარიამ  (ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა)

ზურა გირჩი ჯაფარიძემ

გიორგი ვაშაძემ

ანა დოლიძემ

ნიკა გვარამიამ (ყოფილმა პროკურორმა)

გიორგი მარგველაშვილმა (ყოფილმა პრეზიდენტმა)

ნიკა მელიამ

მამუკა ხაზარაძემ

ლევან ხაბეიშვილმა