ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარების სამოქალაქო საზოგადოებაზე გადამისამართების წინადადებას დააყენებს.

ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე განაცხადა.

„კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღება. მე ვთავაზობ [საბჭოს] იმ პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის შეწყვეტას, რომელიც [საქართველოს] მთავრობას  მიემართება. 100 მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე გადამისამართდება. ჩვენ ავიღებთ ამ ფულს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა მხარი დავუჭიროთ სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში. ევროკავშირის გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ დაბრუნდება [ევროინტეგრაციის] გზაზე. ამ გზაზე დასაბრუნებლად ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. იმავდროულად, ფულს, რომელიც მთავრობისთვის იყო გამოყოფილი, გამოვიყენებთ იმ ხალხისთვის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის“, — განაცხადა ბორელმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა საარჩევნო დარღვევების გამოძიების აუცილებლობას.

„რაც მოხდა, სრულად უნდა შეფასდეს. ვერ იტყვი, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო. ობიექტურად უნდა იყოს გამოძიება და ანგარიშვალდებულება“, — დასძინა ბორელმა.

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო შეიკრიბა. სხდომის დღის წესრიგშია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, საქართველო, აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები, სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში და აფრიკის რქის ქვეყნებში. ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ევროკომისია საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას რეკომენდაციას არ უწევს.

ევროკავშირმა უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი:

  • ევროკავშირი წყვეტს უმაღლესი დონის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან;
  • ევროკავშირი საქართველოს 121 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას უჩერებს დემოკრატიის უკუსვლის გამო. კერძოდ, ყოველწლიურად გამოყოფილი თანხები იმავე წელს მთლიანად არ იხარჯება, შესაბამისად, დაიკარგება 2022 და 2023 წლებიდან დარჩენილი თანხები, რომელიც უშუალოდ ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი;
  • ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. ევროპული სამშვიდობო ფონდი შეიქმნა 2021 წლის მარტში, რათა დააფინანსოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებები სამხედრო და თავდაცვის სფეროებში, კონფლიქტის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. მაგალითად, ამ ფონდიდან 2021 წელს საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად 12 750 000 ევრო გამოიყო, 2022 წელს — 20 მილიონი;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებიდან საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორი ევროკავშირია, თუმცა საგრანტო დახმარება 2025 წლის პროექტით 93%-ით მცირდება. ევროკავშირის გრანტის ოდენობა 2025 წლის პროექტით 7 მილიონი ლარია, როცა 2024 წლის გეგმა 105 მილიონი ლარი იყო.

netgazeti.ge