სომხეთის მთავრობა გერმანიის განვითარების ბანკისგან (KfW) 15 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს საქართველოს მიმართულებით ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად.
ამის შესახებ სომხური მედია წერს.
პროექტი ითვალისწინებს 400 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას სომხეთის ცენტრალური ნაწილიდან – გეღარქუნიქის მხარის სოფელ დდმაშენიდან – საქართველოს საზღვრამდე.
იგივე ძაბვის კიდევ ერთი ხაზის მშენებლობა იგეგმება ირანის საზღვრიდან დდმაშენამდე. შედეგად, იქმნება ენერგეტიკული დერეფანი ირანი–სომხეთი–საქართველო ელექტროენერგიით ვაჭრობისა და ტრანზიტისთვის.
ვინაიდან სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემები სხვადასხვა რეჟიმში მუშაობს, მათი შეერთებისთვის იგეგმება ე.წ. მუდმივი დენის ჩანართით სადგურის მშენებლობა. ამ სადგურიდან გაყვანილი იქნება 500 კვ ძაბვის ხაზის მონაკვეთი, რომელიც საქართველოს მაღალი ძაბვის ქსელს დაუკავშირდება.
ამჟამად სამი გათვალისწინებული ობიექტიდან მშენებლობა დაიწყო მხოლოდ დდმაშენი–აირუმის მონაკვეთზე. ამ მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტი, რომლის ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი ევროა, ინდურ კომპანია KEC International Limited-მა მოიგო, რომელმაც უკვე დაიწყო სამუშაოები.