2025 წელი Google-ისთვის სარეკლამო უსაფრთხოების კუთხით საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. კომპანიის მონაცემებით, გასულ წელს გლობალურად რეკორდული რაოდენობის – 8.3 მილიარდი რეკლამა დაიბლოკა, რაც წინა წლის 5.1 მილიარდიან მაჩვენებელთან შედარებით უზარმაზარი ნახტომია. თუმცა, ამ მკვეთრი ზრდის ფონზე, საინტერესოა ერთი დეტალი: კომპანიამ ბევრად უფრო ნაკლები სარეკლამო ანგარიში შეაჩერა, ვიდრე ეს დაბლოკილი რეკლამების რაოდენობიდან შეიძლება გვეფიქრა. ბუნებრივია, ამ ფაქტმა გარკვეული კითხვები გააჩინა იმის თაობაზე, თუ რა პოლიტიკით მართავს ტექნოლოგიური გიგანტი საკუთარ პლატფორმას.
ამ დისბალანსს კომპანიაში ხელოვნური ინტელექტის, კერძოდ კი Gemini-ს მოდელების მზარდი გამოყენებით ხსნიან. სწორედ ეს AI სისტემები აძლევს Google-ს იმის საშუალებას, რომ წესების დამრღვევი რეკლამები ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე და უპრეცედენტო სიზუსტით აღმოაჩინოს. შთამბეჭდავია ის ფაქტიც, რომ გასულ წელს, პრობლემური რეკლამების 99%-ზე მეტი ხელოვნურმა ინტელექტმა მანამდე გამოავლინა და დაბლოკვა, სანამ მათ რეალური მომხმარებელი ნახავდა. მონაცემები, რომლებიც 2025 წლის რეკლამების Ads Safety Report-ს ეყრდნობა, ცხადყოფს, რომ Google-ის მიდგომები იცვლება. დღეს მთავარი აქცენტი არა უშუალოდ მომხმარებლების ანგარიშების დაბლოკვაზე, არამედ კონკრეტული, პრობლემური სარეკლამო შინაარსის დეტალურ ფილტრაციაზე კეთდება.
დაბლოკილი რეკლამების უპრეცედენტო ზრდა კიდევ ერთ ტენდენციაზე მიუთითებს: თაღლითები გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს უკვე აქტიურად იყენებენ შეცდომაში შემყვანი კონტენტის მასობრივად შესაქმნელად. თუმცა, მეორე მხრივ, Gemini-ს მოდელები კომპანიას ეხმარება, მასშტაბურ კამპანიებში აღმოაჩინოს მსგავსი პატერნები და საფრთხე დროულად გაანეიტრალოს. ეს ყველაფერი ემთხვევა Google-ის გლობალურ ხედვას, რომლის მიხედვითაც Gemini სულ უფრო ღრმად ინტეგრირდება კომპანიის ძირითად პროდუქტებსა და ინფრასტრუქტურაში. სარეკლამო სფეროში ხელოვნური ინტელექტი უკვე უზრუნველყოფს კამპანიების შექმნის ავტომატიზაციას, წესების დარღვევის იდენტიფიცირებასა და ახალ საფრთხეებზე რეალურ დროში რეაგირებას.
რაც შეეხება უშუალოდ თაღლითობას, კომპანიის ინფორმაციით, განზრახ შეცდომაში შემყვანი შინაარსის გამო 602 მილიონი რეკლამა და 4 მილიონი სარეკლამო ანგარიში დაიბლოკა. საინტერესოა რეგიონული სტატისტიკაც: შეერთებულ შტატებში 2025 წელს 1.7 მილიარდზე მეტი რეკლამა წაიშალა და 3.3 მილიონი ანგარიში შეჩერდა. ყველაზე ხშირ დარღვევებს შორის სარეკლამო ქსელის ბოროტად გამოყენება, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სექსუალური ხასიათის კონტენტი სახელდება.
ინდოეთში კი, რომელიც მომხმარებელთა რაოდენობით Google-ის ყველაზე დიდი ბაზარია, 483.7 მილიონი რეკლამა დაიბლოკა – ეს თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. პარალელურად, ინდოეთში ანგარიშების შეჩერების რიცხვმა 2.9 მილიონიდან 1.7 მილიონამდე დაიკლო. აქ ძირითად პრობლემას სასაქონლო ნიშნების, ფინანსური სერვისებისა და საავტორო უფლებების დარღვევა წარმოადგენდა.
პოლიტიკის ამგვარ ცვლილებას Google-ის რეკლამების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელობა დადებითად აფასებს. მათი განმარტებით, კომპანია გადავიდა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ, ბევრად უფრო მიზნობრივ კონტროლზე. თუ ადრე Google ძირითადად მომხმარებლების ანგარიშების დაბლოკვის ხისტ მეთოდს იყენებდა, ახლა პროცესი უფრო დეტალურ, კრეატიულ დონეზე კონტროლდება. ამ მიდგომამ უკვე გამოიღო რეალური შედეგი და წინა წელთან შედარებით, შეცდომით შეჩერებული ანგარიშების რაოდენობა 80%-ით შეამცირა.
გარდა ამისა, Google-ის მრავალშრიანი თავდაცვის სისტემა, რომელიც მოიცავს რეკლამის განმთავსებლის ვერიფიკაციას, ბოროტმოქმედებს უზღუდავს შესაძლებლობას, თავიდანვე შექმნან ანგარიშები. სწორედ პრევენციული მექანიზმებია ექაუნთების დაბლოკვის მაჩვენებლის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.
სამომავლოდ, ახალი დამცავი მექანიზმების დანერგვასთან და საფრთხეების ადაპტაციასთან ერთად, ეს ციფრები სავარაუდოდ კიდევ შეიცვლება. თუმცა, Google-ის მთავარი მიზანი უცვლელი რჩება – აღმოაჩინოს და შეაჩეროს მავნე რეკლამები საწყის ეტაპზევე, რათა ციფრული სივრცე ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გახდეს.
წყარო: Techchrunch