არ აქვს მნიშვნელობა, სადაური ხარ ან რა კულტურული წარსული გაქვს — ადამიანთა დაახლოებით 90 პროცენტი მარჯვენა ხელს მარცხენაზე უკეთესად ხმარობს.

გიფიქრიათ ოდესმე, რატომ?

ახალი კვლევის თანახმად, ერთი ხელისთვის უპირატესობის მინიჭება ჩვენი შორეული ჰომინინი წინაპრებიდან მომდინარეობს. ერთი ხელი მეორეს გვირჩევნია იმიტომ, რომ ორ ფეხზე დავდივართ და ჩვენმა ტვინმა გადაწყვიტა, რომ მარჯვენა ხელი უფრო სასურველი იყო.

ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თვისება მხოლოდ ჰომო საპიენსებს არ ჰქონიათ. ჯგუფის შეფასებით, ნეანდერტალელებიც ძირითადად მემარჯვენეები იყვნენ და რაც უფრო შორს მიდიხარ ჩვენი ოჯახური ხიდან, მით უფრო სუსტდება რომელიმე ხელის უპირატესობა.

„ეს პირველი კვლევაა, რომელშიც ერთ ჩარჩოში დაიტესტა ადამიანის რომელიმე ხელის უპირატესობის რამდენიმე მთავარი ჰიპოთეზა. მრავალი სახეობის პრიმატის კვლევით, შეგვიძლია დავიწყოთ იმის გაგება, ხელის უპირატესობის რომელი ასპექტებია უძველესი და საერთო და რომელი ადამიანისთვის უნიკალური“, — ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის ევოლუციური ანთროპოლოგი თომას პიუშელი.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ მარცხენა ან მარჯვენა ხელის უპირატესობას ძირითადად გენეტიკა განსაზღვრავს და ეს ნაყოფშიც შეიმჩნევა ჯერ კიდევ ორსულობის მერვე კვირაში.

მაგრამ ეს მამათქვენზე გაცილებით ადრეული პერიოდიდან იღებს სათავეს. 2016 წელს აღმოჩენილი არქეოლოგიური მტკიცებულება მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ 1,8 მილიონი წლის წინ, ჰომინინები უპირატესობას მარჯვენა ხელს ანიჭებდნენ.

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და რიდინგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა განიზრახეს შეესწავლათ, როგორ, როდის და რატომ გაჩნდა ასეთი უპირატესობა.

ჰიპოთეზის დონეზე მიიჩნეოდა, რომ მემარჯვენეობას დასაბამი მაშინ დაედო, ან როცა ჩვენმა წინაპრებმა ხელსაწყოების გამოყენება დაიწყეს, ან როცა ხეებიდან ჩამოვიდნენ, ან წელში გამართული სიარული დაიწყეს, ან დაახლოებით ისეთი ბიოლოგიური ცვლილებების პერიოდში, როგორიცაა სხეულის მასა ან ტვინის ზომა.

დასაწყებად, ჯგუფმა მეტაანალიზი ჩაუტარა მონაცემებს 41 სახეობის მაიმუნთა და ადამიანის მსგავს მაიმუნთა, მათ შორის ადამიანთა 2000-ზე მეტი ინდივიდის შესახებ. შემდეგ ისინი შეამოწმეს მოდელებით, რომლებიც ითვალისწინებს სახეობებს შორის ევოლუციურ ურთიერთობებს.

მკვლევრები ეძებდნენ ერთი ხელის მეორესთან შედარებით მიკერძოების ნიშნებს და ამ უპირატესობის სიძლიერეს.

სახეობების უმეტესობის შემთხვევაში, რაიმე მიკერძოების მცირე მტკიცებულება არსებობდა, მაგრამ ადამიანები ანომალიად მოჩნადნენ, რადგან ისინი ძლიერ უპრატესობას ანიჭებდნენ მარჯვენა ხელს.

მხოლოდ აღმოსავლეთიავურ ლანგურს (Trachypithecus auratus) ჰქონდა ძლიერი მიკერძოება მარჯვენა ხელისკენ და საინტერესოა, რომ ორანგუტანები და მოკლეცხვირა მაიმუნები ავლენდნენ ოდნავ უპირატესობას მარცხენა ხელისადმი.

როცა მკვლევრებმა შეისწავლეს, რომელი ჰიპოთეტური ფაქტორები თამაშობდა ამაში როლს, დაადგინეს, რომ ყველაზე ძლიერი კავშირი რომელიმე ხელის უპირატესობასთან ჰქონდა ტვინის ზომას და ჩვენი ხელებისა და ფეხების შედარებით სიგრძეს.

ამის საფუძველზე, ჯგუფს შეეძლო მოდელის ექსტრაპოლირება ჩვენს გადაშენებულ ნათესავებზე, როგორიც იყვნენ ნეანდერტალელები — რათა ენახათ, ჰქონდათ თუ არა მათ მიკერძოება რომელიმე ხელისადმი.

მონაცემებიდან მომაჯადოებელი მახასიათებელი გამოიკვეთა, ჰომო საპიენსი აშკარა ევოლუციურ ტენდენციაში ჯდება.

ჩვენი ძველი წინაპრები, როგორიც იყო ავსტრალოპითეკუს აფარენსისი, მარჯვენა ხელისადმი მხოლოდ ოდნავ უპირატესობას ავლენდა. მაგრამ იმ დროისთვის, როცა სცენაზე ჰომოს გვარი გამოჩნდა, ამ მიკერძოებამ გაძლიერება დაიწყო.

ჰომო ერგასტერი და ჰომო ერექტუსი მოდელში მარჯვენისკენ მზარდ უპირატესობას აჩვენებდნენ; ნეანდერტალელები, ჩვენი უახლოესი ბიძაშვილები კვლავ ძლიერ მიკერძოებას ავლენდნენ, მაგრამ მხოლოდ ჩვენს შემდეგ.

გამონაკლისი შეიძლება ყოფილიყო ერთი უცნობი პატარა ნათესავი. ჰომო ფლორესიენსისი — ე. წ. ჰობიტები, რომლებიც ინდონეზიაში ბინადრობდნენ, მხოლოდ ოდნავ უპირატესობას ავლენდნენ რომელიმე ხელისადმი, დაახლოებით ისე, როგორც თანამედროვე შიმპანზეები.

ამან შეიძლება გააძლიეროს მკვლევართა ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ რომელიმე ხელისადმი უპირატესობა განაპირობა დიდმა თავის ტვინმა და ბიპედალიზმმა (ორ ფეხზე სიარული). ბოლოს და ბოლოს, ამ ჰობიტებს ჯერ კიდევ შედარებით პატარა თავები ჰქონდათ და არც ხეზე ცოცვის ჩვევა ჰქონდათ ბოლომდე მიტოვებული.

ერთად აღებული, დასკვნები იმაზე მიუთითებს, რომ ერთი ხელისთვის ასე ძლიერი უპირატესობის მინიჭების უცნაურობა ორ ეტაპად მოხდა.

პირველი — ჩვენმა წინაპრებმა წელში გამართული სიარული დაიწყეს, რამაც გამოათავისუფლა მათი წინა კიდურები, რომლითაც სხვა საქმის კეთება დაიწყეს და ხელებს საშუალება მიეცა განვითარებულიყო წვრილი მოტორიკის კონტროლის მგრძნობიარე ინსტრუმენტებად, რომლებსაც დღეს ჩვენ ვენდობით.

სხვა ცხოველებში შეიმჩნევა ერთი ან მეორე მხარის თვალის ან კიდურების უპირატესობა; როგორც კვლევები აჩვენებს, ისინი, ვისაც ეს აღენიშნება, უკეთესად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს გადარჩენის ამოცანებში. შესაძლოა, ადამიანთა ადრეულმა წინაპრებმაც მოიპოვეს უპირატესობა რომელიმე ხელისთვის მიკერძოების ამ ადრეული სახით.

თუმცა, რატომ აირჩია ჩვენმა 90-მა პროცენტმა მარჯვენა ხელი და არა მარცხენა?

ეს შეიძლება ჩვენი ძლიერი ტვინის სტრუქტურით იყოს განპირობებული, სადაც თითოეული ნახევარსფერო სხვადასხვა ამოცანებზეა სპეციალიზებული. როცა ეს ნეირონული ეფექტიანობა ჩამოყალიბდა და ტვინის ზომა გაიზარდა, შესაძლოა, მარჯვენა ხელის უპირატესობა უკვე დამკვიდრებულიყო, რაც ხელის შერჩევის ამ პროგრესირების მეორე ეტაპს აღნიშნავს.

„ბიპედალიზმით გამოწვეული საწყისი მამოძრავებელი ცვლილება შეიძლება დავინახოთ, როგორც ეკოლოგიური და ანატომიური შესაძლებლობებით უზრუნველყოფა ხელების სპეციალიზაციისთვის, ენცეფალიზაციამ კი შეიძლება მოგვიანებით გააძლიერა და კიდევ უფრო განსაზღვრული მიმართულება მისცა ლატერალიზაციის მოსახლეობის მასშტაბის მახასიათებლებს“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, ამას გარდა, კულტურამ შესაძლოა ჰომინინების მემარჯვენეობის ამ ახალი ტრაექტორიის პარალელურად იმოქმედა ან გააძლიერა მისი ეფექტები.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პასუხგაუცემელი კითხვები ჯერ კიდევ არის, მაგალითად ის, რატომ არის ზოგი ადამიანი ცაცია და შეიძლება თუ არა, რომ ასეთივე ევოლუციური მახასიათებლები იყოს იმ სხვა ცხოველებშიც, რომლებიც რომელიმე კიდურს ანიჭებენ უპირატესობას, მაგალითად, თუთიყუშებსა და კენგურუებში.

კვლევა PLOS Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი