დღეისათვის, გადამოწმებული გვყავს, დაახლოებით, 32 000 ოჯახი და ყველა პარამეტრი გვიჩვენებს, რომ ამ ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა, საბედნიეროდ, დაძლია სიღარიბე - გადამოწმებული ოჯახების ნახევარს, ან ოდნავ უფრო ნაკლებს საარსებო შემწეობა შეუწყდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ირინა წაქაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, გადამოწმებული ოჯახების ნაწილი აღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაზე დაყრდნობითაც თავდაპირველად, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდა.
„როდესაც ჩვენ მიმდინარე წლის თებერვალში სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება დავიწყეთ, ბაზაში იყო დაახლოებით, 158 ათასი ოჯახი. აქ საუბარია იმ ოჯახებზე, რომლებიც იღებდნენ საარსებო შემწეობას. ეს იყო 700 ათასზე მეტი ადამიანი. ჩვენ გადამოწმება დავიწყეთ 20 თებერვლიდან. დღეისთვის გვყავს გადამოწმებული, დაახლოებით, 32 000 ოჯახი და ყველა პარამეტრი გვიჩვენებს, რომ ამ ოჯახების გარკვეულმა ნაწილმა, საბედნიეროდ, დაძლია სიღარიბე. ნაწილმა დაძლია სიღარიბე და ამ წუთას ისინი აღარ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რაზე დაყრდნობითაც თავდაპირველად მოხვდნენ ბაზაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან სიღარიბის ზღვარს მიღმა. დაწყებული გადამოწმებების ფონზე, ამ წუთის მონაცემებით, მათ ნახევარს, ან ოდნავ უფრო ნაკლებს შეუწყდა საარსებო შემწეობა“, - განაცხადა ირინა წაქაძემ.