ყაზახეთი არ შეასრულებს ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც უკრაინის „ნაფტოგაზს“ რუსული „გაზპრომისგან“ 1,4 მილიარდი დოლარის დაბრუნების უფლება მისცა. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა, იერლან სარსემბაევმა, Zakon.kz-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ყაზახეთის რესპუბლიკა არ გახდება სატრანზიტო პლატფორმა იმ გადაწყვეტილებების აღსასრულებლად, რომლებსაც მასთან იურიდიული კავშირი არ აქვთ. ქვეყნის სამართლებრივი მექანიზმები არ ითვალისწინებს მისი იურისდიქციის გარეთ არსებული დავების განხილვას და, შესაბამისად, AIFC სასამართლოს განსახილველი გადაწყვეტილება ყაზახეთში არ აღსრულდება“, - აღნიშნა სარსემბაევმა.

მან დასძინა, რომ ბრძანება ჯერ არ შესულა ძალაში და გამოიცა მოპასუხის მონაწილეობის გარეშე. „გაზპრომს“ 14 დღე აქვს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით განაცხადის შესატანად.

„ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის: ეს არის შეტყობინების ხასიათის და ჯერ არ მიუღია იურიდიული ძალა“, - განმარტა მინისტრმა.

ცნობისთვის, ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის სასამართლომ Naftogaz-ს მისცა უფლება, ყაზახეთის ტერიტორიაზე აღასრულოს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება Gazprom-ის წინააღმდეგ. დავა უკავშირდება გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც Gazprom-ს უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირების საფასური უნდა გადაეხადა.

საქმის საფუძველი 2019 წლის გაზის ტრანზიტის შეთანხმებაა, რომელიც უკრაინას, რუსეთსა და ევროპულ ბაზრებს შორის ენერგეტიკული ურთიერთობების ერთ-ერთი ბოლო მსხვილი კონტრაქტი იყო. ომის დაწყების შემდეგ რუსული გაზის უკრაინით ტრანზიტი მკვეთრად შემცირდა, Gazprom-მა კი გადახდები სრულად აღარ განახორციელა. Naftogaz-მა საქმე საერთაშორისო არბიტრაჟში წაიღო და 2025 წლის ივნისში გამარჯვება მოიპოვა. შემდეგ Gazprom-მა გადაწყვეტილების გაუქმება სცადა, მაგრამ შვეიცარიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ 2026 წლის მარტში არბიტრაჟის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ფინანსურად, საუბარია დაახლოებით 1.4 მილიარდ დოლარზე. Oilprice-ის მიერ გავრცელებული Eurasianet-ის მასალაში წერია, რომ ძირითადი თანხა 1.13 მილიარდ დოლარზე მეტია, ამას ემატება თითქმის 300 მილიონი დოლარის დარიცხული პროცენტი და 5 მილიონ ევროზე მეტი სასამართლო ხარჯი. ანუ, ეს არ არის მხოლოდ ძველი დავალიანების ამოღება, არამედ პროცენტებით გაზრდილი ფინანსური ვალდებულება, რომელიც Gazprom-ისთვის დამატებითი ზეწოლაა იმ დროს, როცა კომპანია ევროპული ბაზრის დაკარგვის შემდეგ ისედაც სუსტ პოზიციაშია.