Forbes-მა 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის თანახმად, პლანეტის 50-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა სპორტსმენმა ბოლო 12 თვეში ჯამურად 4.1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც წინა წლის 4.2 მილიარდ დოლართან შედარებით დაახლოებით 3%-ით ნაკლებია.

რეიტინგს ზედიზედ მეოთხედ ლიდერობს კრიშტიანუ რონალდუ, რომლის წლიურმა შემოსავალმა 300 მილიონ დოლარს მიაღწია. პორტუგალიელი ფეხბურთელის 235 მილიონი დოლარი უშუალოდ სპორტულ საქმიანობაზე მოდის, ხოლო 65 მილიონი – სარეკლამო კონტრაქტებიდან და ბიზნესაქტივობებიდან.

Forbes-ის რეიტინგში 25 წლამდე ასაკის ექვსი სპორტსმენი მოხვდა. მათ შორის კი „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი ლიდერობს. გამოცემის შეფასებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში ნორვეგიელმა $80 მილიონი გამოიმუშავა, საიდანაც $60 მილიონი სათამაშო კონტრაქტსა და ბონუსებზე მოდის, ხოლო $20 მილიონი – სარეკლამო შეთანხმებებსა და სხვადასხვა კომერციულ აქტივობაზე.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის ფეხბურთელმა წელს არაერთი რეკორდი დაამყარა. სექტემბერში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი შედეგის დაფიქსირება შეძლო – კერძოდ, 50 გოლი მხოლოდ 49 მატჩში გაიტანა. მოგვიანებით კი პრემიერლიგაში მე-100 გოლი 111-ე შეხვედრაში გაიტანა, რაც ლიგის ახალი რეკორდია.

25-წლამდელთა რეიტინგში მეორე ადგილი NBA-ს ვარსკვლავმა ენტონი ედვარდსმა დაიკავა. „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ლიდერის წლიური შემოსავალი $69 მილიონად შეფასდა. აქედან $46 მილიონი მოედანზე მიღებული ანაზღაურებაა, ხოლო $23 მილიონი სარეკლამო და ბიზნესშემოსავლებზე მოდის.

მესამე პოზიციაზე ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასია, რომელმაც გასული 12 თვის განმავლობაში $61.5 მილიონი გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ მისი შემოსავლის დიდი ნაწილი, $38 მილიონი, სპონსორებსა და კომერციულ პარტნიორობებზე მოდის. კორტებზე გამომუშავებული თანხა კი, შესაბამისად, $23.5 მილიონს შეადგენს.

წყარო: forbes.ge