თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ლევან არველაძის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება "გირჩის" მიერ ბრიფინგზე გამოთქმული პრეტენზია, რომ თბილისი მერია საპარკინგე სივრცეების მშენებლობაზე არ მუშაობს.
ლევან არველაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული ბიზნესთან მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ინიციატივას კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესება არ მოჰყოლია.
საკრებულოს უმრავლესობის წევრმა "კომერსანტთან" აღნიშნა, რომ თუ "გირჩი" კონკრეტულ ტერიტორიებს დაასახელებს, თბილისის მუნიციპალიტეტი მზადაა ეს შეთავაზებაც განიხილოს.
"გამოვეხმაურეთ "გირჩის" განცხადებას, მათ განაცხადეს, რომ თბილისის მერია არ მუშაობს საპარკინგე სივრცეების მოწყობაზე.
წინა საკრებულოს მოწვევის დეპუტატი ვიყავი და მახსოვს, რომ რამდენიმე ლოკაცია იყო აუქციონზე გამოტანილი: ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია, გეგეშიძის პარკთან მიმდებარე, ვაგზლის მოედანი და ვარკეთილის მიმდებარედ. გვქონდა ბიზნესთან მოლაპარაკება, სადაც პირველ ეტაპზე თანხის სანაცვლოდ უნდა მომხდარიყო მუნიციპალური ქონების გადაცემა, დაინტერესება ბიზნესს არ გამოუხატავს.
მეორე ეტაპზე უკვე უსასყიდლოდ უნდა გადასცემოდა ტერიტორიები, თუმცა ბიზნესი ამ კუთხითაც არ დაინტერესდა.
თუ იქნება კონკრეტული ლოკაციები, სადაც ბიზნესს სექტორი კერძო საპარკინგე ზონებს მოაწყობს, თბილისის მერია მზადაა, ეს ინიციატივა განიხილოს",-განაცხადა ლევან არველაძემ.