2023 წელს ყაზახეთის რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვებმა – 92 მლნ ტონა შეადგინა, ამ მოცულობის მხოლოდ უმნიშვნელო – 1.8 % მა გაიარა შუა დერეფნის საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთზე.

ყაზახეთის მაგალითი გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შუა დერეფნის  ტვირთნაკადების ფორმირებაში  ცენტრალური აზიის ქვეყნების მონაწილეობა ჯერ კიდევ დაბალია.

ბოლო პერიოდში ცეტრალური აზიის ქვეყნებში საქართველოს მთავრობის გახშირებულმა ვიზიტებმა და გაკეთებულმა განცხადებებმა – ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ტვირთნაკადების მნიშვნელობაზე და მათი შუა დერეფნით მოზიდვის პერსპექტივებზე, გვიბიძგა მოგვემზადებინა ანალიტიკური ინფორმაცია, საქართველოს რკინიგზით როგორც ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო არტერიით ტვირთნაკადების მოძრაობის შესახებ.

გარდა ამისა, ჩვენი გვერდის მკითველისათვის საინტერესო იქნება ცალკე გამოვყოთ ცენტრალური აზიიდან/კენ, საქართველოს რკინიგზით ტვირთების მოძრაობის ამსახველი ინფორმაცია.

ანალიტიკური ინფორმაცია ემყარება 2023 წლის აუდირებულ მონაცემებს, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ყოველწლიურად აქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის აუდირებული მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა,  2023 წლის ინფორმაცია სავსებით ნათლად წარმოაჩენს დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ტვირთნაკადების მოძრაობის მდგომარეობას.

2023 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდულმა საერთაშორისო ტვირთნაკადმა 12 მლნ ტონა შეადგინა, ჩაშლილად – ტრანზიტი 7.7 მლნ ტონა, იმპორტი 3.1 მლნ ტონა ხოლო ექსპორტი 1.2 მლნ ტონა.

2023 წელს საქართველოში რკინიგზით იმპორტირებული  3.1 მლნ ტონა ტვირთი, ძირითადად ხუთი ქვეყნიდან იქნა შემოტანილი (იხ დიაგრამა).

ნავთობპროდუქტები – მოიცავს საავტომობილო საწვავს, ბიტუმს, დიზელის საწვავს, საავიაციო საწვავს და ბენზინს.  ჯამურად იმპორტირებული იყო 1.27 მლნ ტონა.

საავტომობილო საწვავი  – ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 97 % იმპორტირებულია რუსეთიდან.

ბიტუმი –  გზების მშენებლობაზე გამოიყენება და სრულად შემოდის რუსეთიდან და გადაიზიდება რუსთავამდე.

დიზელის საწვავი – ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის 67% რუსეთიდან, 13% – აზერბაიჯანიდანაა იმპორტირებული.

საავიაციო საწვავი  – გამოიყენება ადგილობრივ საავიაციო ინდუსტრიაში. პროდუქციის 52% იმპორტირებულია თურქმენეთიდან, 18% – აზერბაიჯანიდან და 11% – საბერძნეთიდან.

ცენტრალური აზიიდან, კერძოდ თურქმენეთიდან ფიქსირდება ერთი სტაბილური ტვირთნაკადი – 90 ათასი ტონა საავიაციო ნავთობი.

ბენზინი – ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად პროდუქციის 56% იმპორტირებულია ბულგარეთიდან და 32% – რუმინეთიდან.

ცემენტის კლინკერი – 0.44 მლნ ტონა – იმპორტირებულია  აზერბაიჯანიდან და  ნაწილდება ადგილობრივ  ცემენტის ქარხნებში.  58%  – რუსთავში, 20% – კასპში და  14% – ფოთში.

თაბაშირი – 0.21 მლნ ტონა,  შემოდის აზერბაიჯანიდან და ნაწილდება  კასპში  – 43%, რუსთავში  – 26% და  30% – თბილისში, სადაც იწარმოება თაბაშირ მუყაოს ფილები.

ბიტუმის შემცველი ქვანახშირი – 0.13 მლნ ტონა შემოდის რუსეთიდან და ნაწილდება კასპში  – 56% და რუსთავში  – 43%.

სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 0.1 მლნ ტონა გადაიზიდება  სომხეთიდან ფოთში, სადაც გადამუშავდება ფერადი ლითონების  ქარხანაში.

2023 წელს საქართველოში რკინიგზით ექსპორტირებული –  1.2 მლნ ტონა ტვირთი, ძირითადად ხუთ  ქვეყანაში იქნა გატანილი (იხ დიაგრამა).

ამონიუმის ნიტრატი –  რუსთავის აზოტის გამოშვებული პროდუქცია 0.45 მლნ ტონა, სრულად გადაიზიდება ფოთის ნავსადგურში და იქიდან ნაწილდება სხვადასხვა ქვეყნებში.

მინერალური წყლები – 0.15 მლნ ტონა,  ბორჯომიდან გადაიზიდება რუსეთში – 61 % და ყაზახეთში – 28 %.

ცენტრალური აზიის მიმართულებით ფიქსირდება სტაბილური  ტვირთნაკადი – მინერალური წყალი –  ბორჯომიდან – ყაზახეთში 42 ათასი ტონა.

სილიციუმის მანგანუმი – 0.1 მლნ ტონა, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნიდან  წარმოებული პროდუქციის 82% გადაიზიდება ბათუმის ნავსადგურში.

ხორბალი – 0.05  მლნ ტონა – ფოთის მარცვლეულის საწყობიდან გადაიზიდება სომხეთში.

მანგანუმი – 0.03 მლნ ტონა –ფოთიდან სრულად გადაიზიდება ყაზახეთში. ცენტრალური აზიის ქვეყნებისკენ ფიქსირდება სტაბილური  ტვირთნაკადი –  მანგანუმი –  ფოთიდან – ყაზახეთში  30 ათასი ტონა.

წარმოდგენილი ანალიზიდან ნათელია, რომ საქართველოს საექსპორტო და საიმპორტო გადაზიდვებში ცენტრალური აზიის პროდუქციის მოცულობა დაბალია.

2023 წელს საქართველოს რკინიგზის სატრანზიტო გადაზიდვების მოცულობამ  7.7 მლნ ტონა შეადგინა, იკვეთება ოთხი ტვირგამომგზავნი ქვეყანა – აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი და ბრაზილია და სამი  ტვითმიმღები ქვეყანა – თურქეთი, ნიდერლანდები და იტალია (იხ. დიაგრამა)

ტრანზიტული ნავთობპროდუქტების მოცულობამ – 2.87 მლნ ტონა შეადგინა. ძირითადად,  მძიმე და მსუბუქი მაზუთები, დიზელი საწვავი, გაზოილი და  ბენზინი.

მძიმე მაზუთი – ტრანზიტად მოძრაობს ყაზახეთიდან  – ნიდერლანდებში და ყაზახეთიდან  – თურქეთში, შესაბამისად  62% და 21 %.

ცენტრალურ აზიიდან იკვეთება ორი  ნაკადი ყაზახეთი – ნიდერლანდები 0.68 მლნ ტონა და ყაზახეთი – თურქეთი 0.23 მლნ ტონა.

მსუბუქი მაზუთი – ტრანზიტად მოძრაობს  თურქმენეთიდან – შავი ზღვის პორტების მიმართულებით  და თურქმენეთიდან – იტალიის მიმართულებით, შესაბამისად 66 % და 30 %.

თურმენეთიდან მსუბუქი მაზუთის ორი ნაკადი იკვეთება – 0.55 მლნ ტონა შავი ზღვის ნავსადგურებისკენ და 0.25 მლნ ტონა იტალიის მიმართულებით.

დიზელის საწვავი – ტრანზიტად მოძრაობს  აზერბაიჯანიდან – საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, რუსეთიდან – სომხეთის და აზერბაიჯანიდან  – თურქეთის მიმართულებებით, შესაბამისად 40%, 30% და 14% თანაფარდობით.

გაზოილი  – ტრანზიტად  გადაიზიდება აზერბაიჯანიდან – იტალიაში და აზერბაიჯანიდან – თურქეთის მიმართულებებით, შესაბამისად 31% და 21% თანაფარდობით.

ბენზინი –  ნავსადგურების გავლით შემოსული პროდუქციის 75% გადაიზიდება სომხეთში.

კარბამიდი –  1.12 მლნ ტონა. ტრანზიტად გადაიზიდება  თურქმენეთიდან შავი ზღვის ნავსადურებში, აზერბაიჯანიდან – რუმინეთში, უზბეკეთიდან – რუმინეთში და აზერბაიჯანიდან -უკრაინის მიმართულებებით, 53%, 10%, 9% და 4%-იანი თანაფარდობით.

ცენტრალური აზიიდან, კერძოდ თურქმენეთიდან კარბამიდის ორი სტაბილური ნაკადი ფიქსირდება – თურქმენეთიდან – შავი ზღვის ნავსადგურებში 0.59 მლნ ტონა და უზბეკეთიდან – რუმინეთში 0.1 მლნ ტონა.

შაქარი – 0.44 მლნ ტონა, ტრანზიტად გადაიზიდება  ბრაზილიიდან – აზერბაიჯანში, ბრაზილიიდან  – უზბეკეთში და ბრაზილიიდან  – სომხეთის მიმართულებებით, 56%, 36% და 7%-იანი თანაფარდობით.

ცენტრალური აზიის მიმართულებით ტრანზიტად ბრაზილიიდან – უზბეკეთში ფიქსირდება ერთი სტაბილური ნაკადი – 0.16 მლნ ტონა.

გოგირდის სულფადი – 0.55 მლნ ტონიდან  95 %  ყაზახეთიდან – ფოთის  ნავსადგურში გადაიზიდება.

შესაბამიდან ცენტრალური აზიიდან ტრანზიტად ფიქსირდება ერთი სტაბილური ნაკადი ყაზახეთიდან – ფოთში –  0.52 მლნ ტონა.

მეთანოლი –  0.5 მლნ ტონა, ტრანზიტად გადაიზიდება  აზერბაიჯანიდან  – თურქეთში,  რუმინეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში და  სლოვენიაში,  22%, 18%, 16%, 13% და 11% იანი  თანაფარდობით.

საერთო სატრანზიტო გადაზიდვების 7.7 მლნ ტონის პირობებში, ცენტრალური აზიის ქვეყნების წილობრივი მონაწილეობა, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2023 წელს ყაზახეთიდან 1.69 მლნ ტონა, ხოლო თურქმენეთიდან 1.43 მლნ ტონა ტრანზიტი დაფიქსირდა – 40 – 45 % ია. რაც ერთი შეხედვით მაღალი მაჩვენებელია.

ასეთი შეფასება, ზუსტ შედეგს ვერ იძლევა. ობიექტური შეფასებისათვის აუცილებელია ცენტრალური აზიის ქვეყნების საერთაშორისო გადაზიდვების საერთო მაჩვენებლების გათვალისიწინება.

2023 წელს მხოლოდ ყაზახეთის რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვებმა – 92 მლნ ტონა შეადგინა, ამ მოცულობის მხოლოდ უმნიშვნელო 1.8 % მა გაიარა შუა დერეფნის საქართველოს სარკინიგზო მონაკვეთზე.

ყაზახეთის მაგალითი გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შუა დერეფნის  ტვირთნაკადების ფორმირებაში  ცენტრალური აზიის ქვეყნების მონაწილეობა დაბალია.

წყარო: transcor.ge