„პირადად ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, თანდათან ვიფიქრებდი და ვიზრუნებდი საფრენი ტრანსპორტის განვითარებაზე, რადგან კარს მოგვადგა ის ეპოქა, როცა ადამიანები დრონებით დაიწყებენ მგზავრობას. ჩემი პროგნოზით, 15-20 წელში დრონები საყოველთაო ტრანსპორტი გახდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ, განაცხადა.
მელაძე, თბილისის სატრანსპორტო რეალობის ფონზე, ახალი საბაგიროების მშენებლობისა და მეტროს ხაზების ვარკეთილისა და გლდანის თითო-თითო სადგურით დაგრძელების პერსპექტივას აფასებს.
„ავტომობილების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ორი საბაგიროს ხაზის აშენება ზღვაში წვეთი იქნება. თანაც, ამ საბაგირომდე ადამიანი რაღაცით ხომ უნდა მივიდეს, ყველა მასთან ახლოს ხომ არ იცხოვრებს?! ასეთ ადგილებში, განვითარებული ქალაქების მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, საპარკინგე ჰაბების მოწყობაა საჭირო, რათა მანქანა, ველოსიპედი, მოტოციკლი თუ სხვა ტრანსპორტი გააჩერონ და საბაგიროზე ავიდნენ.
კონკრეტულად მოტოტრანსპორტი რომ ავიღოთ, ისინი თბილისში უკვე საკმაოდ მრავლადაა, მაგრამ მათი საპარკინგე სივრცე არსადაა, რაც გაუგებრობასა და განუკითხაობას იწვევს - ხან სად უწევთ გაჩერება, ხან სად...
ჯამში ყველაფერი ის, რაზეც ვისაუბრეთ, ქმნის დინამიკას, რომ დავემსგავსოთ არა ევროპულ, არამედ აზიურ ქალაქებს, სადაც სატრანსპორტო ხაზები უწესრიგოდ და ხშირ შემთხვევაში არასათანადო გეგმარების პირობებშია მოწყობილი.
პირადად ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, თანდათან ვიფიქრებდი და ვიზრუნებდი საფრენი ტრანსპორტის განვითარებაზე, რადგან კარს მოგვადგა ის ეპოქა, როცა ადამიანები დრონებით დაიწყებენ მგზავრობას. ჩემი პროგნოზით, 15-20 წელში დრონები საყოველთაო ტრანსპორტი გახდება.
საერთოდ, ჩვენი ქალაქის გეოგრაფია ისეა, რომ ავტომობილით მოქნილად მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მთავარი შეცდომა, რაც წლების განმავლობაში პრობლემად გადაიქცა და უკვე არაერთი წელია სახეზე გვაქვს, მაღალი შენობები და სრულიად გაუმართავი და არასაკმარისი რაოდენობის საპარკინგე სივრცეებია. ეს შეცდომა ნიუ იორკშიც დაუშვეს, მიხვდნენ და მეტროს ხაზის სწრაფი განვითარებით მისი გამოსწორება სცადეს, რაც ნაწილობრივ გამოუვიდათ, მაგრამ მთლიანად ამის მოგვარება უკვე შეუძლებელია. ჩვენთანაც ასეა - ქალაქი იზრდება სიმაღლეში და არა სიგანეში, ეს კი იმ ფონზე, რომ ნორმალური ევროპული ქალაქების ცენტრში 5-7 სართულზე მაღალი შენობები ძალიან იშვიათადაა.
ასე რომ, პირდაპირ ვიტყვი, სადღეისო მდგომარეობის, განაშენიანებისა და გეოგრაფიის გათვალისწინებით, გამორიცხულია, თბილისში საცობები განვმუხტოთ. გამოსავალი ისევ და ისევ მეტროს სწრაფ და ეფექტიან განვითარებაშია. მაგალითად, ტოკიოში ეს ტრანსპორტი ძალიან კარგადაა ქალაქის პრიორიტეტებზე შესაბამებული - მეტროს ხაზები განლაგებულია სართულებად და მოწყობილია როგორც მიწის ზემოთ, ისე ქვემოთ.
ფაქტია, ჩვენს დღევანდელ რეალობაში მეტრო ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტია და მისი სწრაფი განვითარება ყველაზე მეტადაა საჭირო. თუ გვინდა, რომ საცობები განვმუხტოთ და შევამციროთ, ხარისხიანი, კარგად დაგეგმარებული და თანამედროვე ტენდენციებს შესაბამებული მეტროს ხაზების მოწყობა გვმართებს“, - აღნიშნა მელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.