ერთსა და იმავე სამედიცინო დაწესებულებაში კონკრეტული ჰოსპიტალური მომსახურების მიღება კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებისთვის თუ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული პირებისთვის, შესაძლოა, განსხვავებული ფასი ღირდეს - ამის შესახებ "საქმიან დილასთან" დაზღვევის კავშირის გენერალურმა მდივანმა, ლაშა ნიკოლაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ DRG სისტემის დანერგვამ კერძო კომპანიებს ჰოსპიტალური სერვისების შესყიდვა გაუძვირა.

"მოგეხსენებათ, საყოველთაო დაზღვევა ძირითადად ორიენტირებულია ჰოსპიტალურ სეგმენტზე, ეს სწორიც არის, იმიტომ რომ ის იბრძვის ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, გაღარიბების საწინააღმდეგოდ. საყოველთაო ჯანდაცვაში მიზნობრივი ჯგუფებისთვის გაცილებით მაღალი დაფარვები და ხელშეწყობებია, მათი მოწყვლადობის მიხედვით. ჰოსპიტალური სერვისი მათ 2 წელიწადზე მეტია ემსახურებათ DRG-ის მეთოდით, რომელიც ჩრდილოეთ ევროპული მოდელია.

კერძო დაზღვევის ბენეფიციარებს ჰოსპიტალური სექტორი ე.წ. თავისუფალი ფასით ემსახურება. ამ ფასებს მხოლოდ ბაზარი არეგულირებს. ვინაიდან DRG-იმ საყოველთაო ჯანდაცვიდან მიღებულ ნაკადებში ფასის დაპრესვა გამოიწვია, სექტორისთვის ერთგვარი სასუნთქი საშუალება გახდა კერძო დაზღევიდან მიღებული ჰოსპიტალური შემოსავლები. სადაზღვევო კომპანიები სერვისებს ჰოსპიტალებისგან ყიდულობენ, DRG-სგან განსხვავებული ფასით.

მესამე შემთხვევაც შესაძლებელია, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტი ქუჩიდან შედის - ერთსა და იმავე დაწესებულებაში, შესაძლოა, სამივე შემთხვევაში ფასები განსხვავებული იყოს", - აღნიშნავს ლაშა ნიკოლაძე.

კითხვაზე, რამდენად სამართლიანია, რომ კერძო დაზღევევის ბენეფიციარებს იგივე მომსახურება უძვირდებათ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის მონაწილეებისთვის შედარებით იაფი ღირს, ლაშა ნიკოლაძე განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა.

"ვინაიდან ჩვენ 2005-6-7 წლიდან მივიღეთ საბაზრო ფასთა ლიბერალური ლოგიკა, მათ შორის სამედიცინო სერვისების მიწოდების ნაწილში, არც ერთ კანონი ამით არ ირღვევა. მე თუ ვყიდი სტაფილოს, თქვენთვის ერთი ფასია, თქვენი მეზობლისთვის სხვა და გადაღმა ქუჩაზე მცხოვრებისთვის სხვა. ასეთი რამ შესაძლებელია.

ასეთ მოდელი ბევრ ქვეყანაში მუშაობს, მაგალითად, შეერთებულ შტატებში. არის ქვეყნები, მაგალითად, ევროპაში, სადაც სამედიცინო ბიზნესი ასეთ მკვეთრად კაპიტალისტურ მიმართულებებს არ ატარებს, უბრალოდ ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელ მოწყობაზეა ქვეყანა და როგორ ბიზნესს ატარებს. ზუსტად ამიტომაა, რომ სადაზღვევო კომპანიებისთვის ჰოსპიტალური და სხვა სამედიცინო სერვისების ფასები გაიზარდა და მუდმივად გაიზრდება, რადგან იმპორტზე ვართ დამოკიდებული, რაც პირდაპირ აისახება სადაზღვევო პოლისის ღირებულებაზეც", - აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

DRG-ის დაფინანსების მოდელზე სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კლინიკები 2023 წლის 1 იანვრიდან გადავიდნენ. DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას პაციენტს, დამატებითი ხარჯების გაწევა არ უწევს და მხოლოდ იმ თანხას იხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

bm.ge