აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის საპილოტე პროგრამას მუდმივ რეჟიმში გადაიყვანს. ახალი რეგულაცია 2026 წლის 3 აგვისტოდან ამოქმედდება და შეეხება 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აშშ-ის ბიზნესის ან ტურიზმის მიზნით გასაცემ B-1, B-2 ან B-1/B-2 ვიზებზე განაცხადს წარადგენენ.

ახალი წესით, სავიზო დეპოზიტის შესაძლო ოდენობა 10 000, 15 000 ან 20 000 დოლარი იქნება. საპილოტე პროგრამის ფარგლებში მოქმედი 5 000 დოლარის მინიმალური ოდენობა უქმდება, ხოლო მაქსიმალური თანხა 15 000 დოლარიდან 20 000 დოლარამდე იზრდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წესის მიხედვით, საკონსულოს თანამშრომლები, როგორც წესი, 15 000 დოლარის ოდენობის დეპოზიტს განსაზღვრავენ. თანხა შესაძლოა 10 000 დოლარამდე შემცირდეს, თუ აპლიკანტის ფინანსური მდგომარეობა 15 000 დოლარის გადახდას ართულებს, თუმცა მას აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის ხარჯების დაფარვა მაინც შეუძლია. 20 000 დოლარის ოდენობა კი შეიძლება იმ შემთხვევაში დაწესდეს, თუ საკონსულოს თანამშრომელი ჩათვლის, რომ უფრო დაბალი თანხა სავიზო პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად საკმარისი არ იქნება. გადაწყვეტილებისას გათვალისწინებული იქნება ვიზიტის მიზანი, დასაქმება, შემოსავალი, განათლება და აშშ-ში არსებული კავშირები.

დეპოზიტი ვიზის მიღებას არ უზრუნველყოფს. თანხის გადახდის მოთხოვნა აპლიკანტს მხოლოდ გასაუბრების შემდეგ მიეწოდება, თუ საკონსულოს თანამშრომელი დაადგენს, რომ ის ვიზის მისაღებად სხვა პირობებს აკმაყოფილებს.

დეპოზიტი უკან დაბრუნდება, თუ ვიზის მფლობელი აშშ-ს მისთვის განსაზღვრულ ვადაში დატოვებს, ვიზის მოქმედების პერიოდში ქვეყანაში საერთოდ არ გაემგზავრება ან აშშ-ის საზღვარზე შესვლაზე უარს მიიღებს. სავიზო პირობების დარღვევის შემთხვევაში თანხა შესაძლოა ჩამოერთვას.

სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, პროგრამაში შემავალი 50 ქვეყნიდან 2024 წელს აშშ-ში ყოფნის ნებადართული ვადა 45 488-მა ვიზიტორმა დაარღვია. საპილოტე პროგრამის პირველი ათი თვის განმავლობაში ასეთი შემთხვევების რაოდენობა 50-ზე ნაკლები იყო. ამავე პერიოდში პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებზე გაცემული ბიზნესისა და ტურისტული ვიზების რაოდენობა 83 პროცენტით შემცირდა. დაახლოებით 20 000 განაცხადიდან, რომლებზეც დეპოზიტის გადახდა იყო მოთხოვნილი, თანხა აპლიკანტების თითქმის ნახევარმა გადაიხადა.

საქართველო სავიზო დეპოზიტის პროგრამაში 2026 წლის 2 აპრილიდან არის ჩართული. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ სიაში ამჟამად 50 ქვეყანაა, თუმცა უწყებას ქვეყნების დამატება ან სიიდან ამოღება მომავალშიც შეეძლება.

წყაროები: