მსოფლიო ნავთობის ბაზრისთვის მთავარი ფაქტორი კვლავ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებია. Galt & Taggart-ის ანგარიშის მიხედვით, გეოპოლიტიკური ვითარების შესაძლო განვითარებიდან გამომდინარე, ნავთობის ფასის პროგნოზები უკიდურესად ფართო — 40-დან 150 დოლარამდე — დიაპაზონში მერყეობს.
ირანის კონფლიქტისა და მიწოდების შეფერხების ფონზე Brent-ის ფასმა 120 დოლარს გადააჭარბა. მოგვიანებით, აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ნავთობი დაახლოებით 73 დოლარამდე გაიაფდა. ივლისში დაძაბულობის განახლებისა და ირანულ გემებზე ბლოკადის აღდგენის შემდეგ ფასმა კვლავ 85 დოლარს გადააჭარბა.
ფასის ასეთი მერყეობა ენერგეტიკული კომპანიების აქციებზეც პირდაპირ აისახა. ნავთობის გაძვირებისას Exxon Mobil-ისა და Chevron-ის აქციები წლის მაქსიმუმებზე ავიდა. ცეცხლის შეწყვეტისა და ნავთობის გაიაფების შემდეგ Exxon-ის ფასი პიკიდან 23%-ით, Chevron-ის კი 21%-ით შემცირდა. ევროპული Shell და BP რამდენიმე თვის მინიმუმებს დაუბრუნდნენ.
ანგარიშში განხილული სცენარების მიხედვით, ხანგრძლივი მშვიდობის შემთხვევაში ნავთობის ფასი შესაძლოა 40 დოლარამდე დაეცეს. ამის მიზეზი მიწოდების აღდგენა და მაღალი ფასების ფონზე შემცირებული მოთხოვნა იქნება. ესკალაციის შემთხვევაში კი ფასი შეიძლება 150 დოლარამდე გაიზარდოს.
ნავთობის ფასის ცვლილებას გაცილებით ფართო ეკონომიკური შედეგი აქვს, ვიდრე მხოლოდ ენერგეტიკული კომპანიების მოგება. გაძვირება ზრდის ტრანსპორტირების, წარმოების, ავიაციისა და ლოგისტიკის ხარჯებს, რაც საბოლოოდ სამომხმარებლო ფასებზე აისახება. გაიაფება კი ინფლაციას ამცირებს, მაგრამ ნავთობმომპოვებელი ქვეყნების შემოსავლებსა და ენერგეტიკული კომპანიების საინვესტიციო გეგმებზე ახდენს ზეწოლას.
ამიტომ ნავთობის ბაზრისთვის მესამე კვარტლის მთავარი საკითხი არა მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების ტრადიციული ბალანსი, არამედ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებები იქნება. სამშვიდობო შეთანხმების შენარჩუნებასა და კონფლიქტის განახლებას შორის სხვაობამ მსოფლიო ეკონომიკაში საწვავის ღირებულება, ინფლაცია და საპროცენტო პოლიტიკაც შეიძლება შეცვალოს.