„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი შვებულებაში იმყოფება. ამის შესახებ უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლაშა ფარულავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზარდიაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ის ორკვირიან შვებულებაში იმყოფება, ხოლო მის პირველ მოადგილედ დავით ვარდიაშვილი დაინიშნა, რომელიც მანამდე საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში მუშაობდა.

„ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემიდან გაათავისუფლეს! მიზეზი ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები და ქვეყნის ორჯერ ჩაბნელებაა.

ამ ეტაპზე იგი ორკვირიან შვებულებაში იმყოფება, ხოლო ირაკლი კობახიძემ მის პირველ მოადგილედ უკვე დავით ვარდიაშვილი დანიშნა, რომელიც საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან გადაიყვანეს“, — წერს ფარულავა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს ზარდიაშვილის ანაზღაურებაზეც და აცხადებს, რომ 2025 წლის განმავლობაში მისმა შემოსავალმა 215 218 ლარი შეადგინა.

„საგულისხმოა, რომ ვანო ზარდიაშვილის ანაზღაურებამ 2025 წლის განმავლობაში 215 218 ლარი შეადგინა, ხალხს კი ორჯერ, ქვეყნის მასშტაბით, ელექტროენერგია გაეთიშა“, — აღნიშნავს ფარულავა.

მისი შეფასებით, ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვებზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ პირს არ უნდა დაეკისროს. ფარულავა კითხვებს სვამს სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას პასუხისმგებლობასთან დაკავშირებითაც.

„თუმცა მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: მხოლოდ ზარდიაშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა, ან რატომ ინარჩუნებს კვლავ დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარის მაღალანაზღაურებად თანამდებობას?

სწორედ ნარმანია გვიმტკიცებდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება აუცილებელი იყო, რათა ავარიული გათიშვები აღარ განმეორებულიყო. რეალობაში კი საქართველო ორჯერ ჩაბნელდა“, — წერს ფარულავა.

მისივე თქმით, პასუხგაუცემელია კითხვები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კრიპტომაინინგის ბიზნესებისთვის ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებითაც.

ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურ დირექტორად 2025 წლის მაისში დაინიშნა.

www.interpressnews.ge