ევროპაში უჩვეულო ვაკანსია გამოჩნდა: შერჩეულ კანდიდატს ორი თვის განმავლობაში ევროპის რვა ქალაქში მოგზაურობა, უცნობ ადამიანებთან საუბარი და იმის გარკვევა დაევალება, სად არის ახალი ნაცნობობის დაწყება ყველაზე მარტივი.
პროექტის გამარჯვებული 6 000 დოლარს მიიღებს. კომპანია ასევე დაფარავს ავიაბილეთების, სასტუმროებისა და მოგზაურობის დროს დაგეგმილი გასართობი აქტივობების ხარჯებს.
ვაკანსია თვითგანვითარების აპლიკაცია RiseGuide-მა გამოაცხადა. კომპანია ეძებდა ე.წ. „ქარიზმის გლობალურ მკვლევარს“, რომელსაც ევროპის ქალაქებში ადამიანების კომუნიკაბელურობა უნდა შეეფასებინა.
შერჩეული თანამშრომელი რვა კვირის განმავლობაში რვა ქალაქს მოინახულებდა და თითოეულ მათგანში ერთ კვირას გაატარებდა. ჩამონათვალში შედიოდა რომი, ბარსელონა, ლისაბონი, პარიზი, დუბლინი, ათენი, ამსტერდამი და ბერლინი.
მისი მთავარი დავალება კაფეებში, ბარებში, პარკებში, რესტორნებში, რიგებსა და სხვა საჯარო სივრცეებში უცნობ ადამიანებთან საუბრის დაწყება იქნებოდა. თითოეული ქალაქი სამი კრიტერიუმით უნდა შეფასებულიყო: რამდენად მეგობრულად ხვდებიან ადგილობრივები უცნობებს, რამდენად მზად არიან საუბრის გასაგრძელებლად და რამდენად მარტივია მათთან კონტაქტის დამყარება.
თანამოსაუბრეების თანხმობის შემთხვევაში პროექტის მონაწილე ფოტოებსა და ვიდეოებსაც გადაიღებდა. შეხვედრების დასადასტურებლად მას შეეძლო შეენახა კაფის ხელსახოცები, კინოს ბილეთები და სხვა ნივთებიც.
ამ მასალებზე დაყრდნობით RiseGuide ევროპის ქარიზმის ინდექსს შექმნიდა, რომელშიც ქალაქები უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დაწყების სიმარტივის მიხედვით განაწილდებოდა.
პროექტის იდეა კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა. RiseGuide-მა 20-დან 40 წლამდე ასაკის 2 000 ადამიანი გამოკითხა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 86% უცნობთან მსუბუქ საუბარში ჩართვას დათანხმდებოდა, თუმცა საუბარს თავად მხოლოდ 34% იწყებს.
ყოველი მეშვიდე რესპონდენტი კი გამვლელს დახმარებასაც არ სთხოვდა, მაშინაც კი, თუ გზას დაკარგავდა და ტელეფონი არ ექნებოდა.
გამოკითხულთა 78%-მა განაცხადა, რომ კომუნიკაციის არასაკმარისი უნარების გამო პროფესიული შესაძლებლობები უკვე დაკარგა. ზოგიერთმა სამსახური ვერ მიიღო, ზოგი კი ხელფასის მომატების თხოვნას ვერ ბედავდა. რესპონდენტთა 10%-მა თქვა, რომ საჯაროდ გამოსვლის თავიდან ასაცილებლად 1 000 დოლარის გადახდასაც კი ამჯობინებდა.
კანდიდატი ენერგიული, კომუნიკაბელური და დამოუკიდებელი უნდა ყოფილიყო. მას ადამიანებთან ურთიერთობა უნდა ჰყვარებოდა და ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობა შეძლებოდა. დიპლომი და კონკრეტული ასაკი მოთხოვნილი არ ყოფილა, თუმცა ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელი იყო. დამატებითი ევროპული ენის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლებოდა.
განაცხადის გასაგზავნად საჭირო იყო რეზიუმე, ღია სოციალური ქსელების ბმულები და სამ-ოთხწუთიანი ვიდეო, რომელშიც კანდიდატი განმარტავდა, რატომ შეეფერებოდა ამ სამუშაოს.
ვაკანსიამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ ათიათასობით განაცხადის მიღების შემდეგ რეგისტრაცია მალევე დაიხურა.