მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში რეკორდულ თანხებს აბანდებენ, თუმცა სექტორის მთავარი ფინანსური კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია - შეძლებს თუ არა AI-დან მიღებული შემოსავალი მზარდი დანახარჯების გამართლებას?

Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, სხვაობა კომპანიების მიერ გაწეულ კაპიტალურ ხარჯებსა და ხელოვნური ინტელექტიდან მიღებულ შემოსავლებს შორის იზრდება. კომპანიები დიდი მოცულობით ყიდულობენ ჩიპებს, აშენებენ მონაცემთა ცენტრებს და აფართოებენ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურას, მაგრამ ამ ინვესტიციების სრული კომერციული შედეგი ჯერ მკაფიოდ არ ჩანს.

ბაზარი ჯერჯერობით ტექნოლოგიური კომპანიების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი. ინვესტორები ვარაუდობენ, რომ AI გაზრდის პროდუქტიულობას, შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს და ახალ პროდუქტებსა და მომსახურებებს შექმნის. თუმცა მაღალი მოლოდინები თავად აქციების შეფასებებშიც არის ასახული, რაც იმედგაცრუების შემთხვევაში მკვეთრი კორექციის რისკს ზრდის.

კომპანიებს დამატებით გამოწვევას მზარდი ამორტიზაციის ხარჯებიც უქმნის. მონაცემთა ცენტრები და ძვირად ღირებული ჩიპები სწრაფად განახლებას საჭიროებს, რადგან ტექნოლოგიური მოწყობილობები მოკლე პერიოდში შეიძლება მოძველდეს. შესაბამისად, კაპიტალური ინვესტიცია ერთჯერადი ხარჯი არ არის და ინფრასტრუქტურის მუდმივ განახლებას მოითხოვს.

მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ფართოდ გადაიქცევა AI პროდუქტები ფასიან მომსახურებად. კომპანიებმა უნდა აჩვენონ, რომ მომხმარებლები და ბიზნესები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისთვის იმდენს გადაიხდიან, რომ ინფრასტრუქტურულ ხარჯებსა და მოგების მარჟას შორის ბალანსი შეიქმნას.

Galt & Taggart-ის შეფასებით, მომდევნო კორპორაციული ანგარიშგებების დროს ინვესტორები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ AI შემოსავლებს, კაპიტალურ დანახარჯებს, ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობასა და ამორტიზაციას.

თუ შემოსავლები ინვესტიციებს სწრაფად დაეწევა, AI ბუმი ახალ ეკონომიკურ ციკლად ჩამოყალიბდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარს მოუწევს გადახედოს, რამდენად რეალისტური იყო ტექნოლოგიის კომერციული პოტენციალის შესახებ შექმნილი მოლოდინი.