ანტიკორუფციული ბიურო არ ასაჯაროებს მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე მონიტორინგის შედეგებს და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით, - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში ვკითხულობთ.

ცნობისათვის, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შესამოწმებელ თანამდებობის პირებს შორის იყვნენ პრემიერ-მინისტრი, 9 მინისტრი, 13 მინისტრის მოადგილე, საქართველოს პარლამენტის 68 წევრი, 5 მოსამართლე, 2 პროკურორი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეები. ბიურო აცხადებს, რომ ამ თანამდებობის პირების მონიტორინგის შედეგებს 2024 წლის ანგარიშში ასახავს, რომელიც 2025 წლის მარტში უნდა გამოქვეყნდეს.

TI-ს ცნობით, 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების, გრიგოლ  ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ნინო წილოსანის, მიხეილ ყაველაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ბექა ოდიშარიას დეკლარაციები. ასევე, მოსამართლეების, მათ შორის შალვა თადუმაძის, ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ვასილ მშვენიერაძის დეკლარაციები. ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება).

როგორც ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშიდან ირკვევა, საჯარო სამსახურის ბიურომ 2023 წელს სულ 500 თანამდებობის პირის დეკლარაცია შეამოწმა. შემოწმებული 500 დეკლარანტიდან: დაჯარიმდა - 109 (21.8%), გაფრთხილდა - 4 (0.8%), დადებითად დასრულდა - 372 (74.4%), ხოლო 15 (3%) შემთხვევაში მონიტორინგი შეწყდა. მათგან 2 შემთხვევაში გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტი.

სრულად კვლევა ნახეთ აქ.