მოსკოვის ბირჟაზე აშშ-ს სანქციების დაწესების გამო, რუსეთის სავალუტო ბაზრის „ბანქოს სახლი“ ნელ-ნელა იშლება, ამის შესახებ Moscow Times წერს.

აშშ დოლართან, ევროსთან და ჰონგ კონგის დოლართან ტრანზაქციების შეჩერების შემდეგ მოსკოვის ბირჟაზე პრობლემები წარმოიშვა თურქულ ლირასთან მიმართებაში, წერს გამოცემა.

ქვეყნის უმსხვილესმა არასაბანკო ბროკერმა BCS-მა განაცხადა, რომ დროებით შეაჩერა ლირასთან ტრანზაქციები სავალუტო ბაზარზე თავისი კლიენტებისთვის. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ამერიკულ სანქციებს ეროვნული კლირინგ ცენტრის მიმართ. სანქციების გამო ვალუტის ჩარიცხვა-გატანის, ასევე, ლირას გარიგებებში ანგარიშსწორების დრო გაიზარდა, განუცხადა „ვედომოსტს“ BCS-ის წარმომადგენელმა.

საინვესტიციო კომპანია Finam-მა ლირასთან დაკავშირებით პრობლემები დაადასტურა. გამოცემა წერს, რომ Finam უახლოეს მომავალში გააანალიზებს სიტუაციას და არ გამორიცხავს, რომ ისიც იძულებული იყოს, შეწყვიტოს ლირით ვაჭრობა.

ლირაში ტრანზაქციების მოცულობა, რომელმაც გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებელს - თვეში 50 მილიარდ რუბლს მიაღწია, 20-30 მილიონ რუბლამდე შემცირდა დღეში. Deutsche Welle წერს, რომ თურქულმა ბანკებმა რუსეთთან ოპერაციები თითქმის მთლიანად შეზღუდეს. თუ რუსი იმპორტიორები გასულ წელს ლირას თურქეთიდან საქონლის საფასურის გადასახდელად იყენებდნენ, ამ პრაქტიკას, აშშ-ის მიერ ფინანსური სანქციების გამკაცრების შემდეგ, აღარ მიმართავენ. თურქულ ბანკებს, სასანქციო რეჟიმის დარღვევის გამო, სანქციების დაწესების ეშინიათ.

ცენტრალური ბანკი უკვე ემზადება სცენარისთვის, რომლის დროსაც იუანში საბირჟო ვაჭრობა უნდა შეწყდეს ისევე, როგორც დოლართან და ევროსთან დაკავშირებით მოხდა. სავარაუდოდ, ჩინეთის ბანკები თანდათან შეწყვეტენ ოპერაციებს მოსკოვის ბირჟასთან და სანქცირებული ეროვნული კლირინგ ცენტრთან, განუცხადა Bloomberg-ს ცენტრალურ ბანკთან დაახლოებულმა წყარომ.