55 წლის მამაკაცი, რომლისგანაც პოლიციამ 1,4 მილიონი ევროს ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო, დუბლინში სასამართლოს წინაშე წარსდგა.

პარასკევს და შაბათს ჩატარებული ოპერაციის დროს, სამართალდამაცვებმა ასევე ამოიღეს 460 000 ევრო ნაღდი ფული და 210 000 ევროდ შეფასებული ნარკოტიკული ნივთიერებები - კოკაინი და ექსტაზი.

დუბლინის გარეუბან ლუკანში მცხოვრები ფარჰათს ბათიევსი (Farhats Bathijevs) ბლანჩარდსთაუნის საოლქო სასამართლოში დღეს მიიყვანეს.

დანაშაულებებზე რეაგირების ჯგუფის პოლიციის თანამშრომლებმა ის დუბლინში პარასკევს დააკავეს.

18 კილოგრამ ოქროს ზოდებსა და მონეტებს სამართალდამცავებმა ერთ-ერთი კომერციული შენობის ჩხრეკისას მიაგნეს, ნარკოტიკები კი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს.

ქონებისთვის ყადაღის დადების შემდეგ, ბათიევსს რამდენიმე ბრალი წაუყენეს.

სამი ბრალდება ფულის გათეთრებას, ორი კი ქურდობას და დოკუმენტების გაყალბებას უკავშირდება.

ის ასევე დადანაშაულებულია ექსტაზისა და კოკაინის შენახვა-გაყიდვაში.

დანაშაულებებზე რეაგირების ჯგუფის წევრმა, პოლიციელმა შონ მაკელროიმ სასამართლოს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს, მან ყველა ბრალდებაზე არ მისცა ჩვენება.

თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატმა, კიარან მაკლაფლინმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ ბათიევსის გათავისუფლების მოთხოვნას არ აყენებს.

უფასო იურიდიული დახმარების შესახებ განცხადების განხილვა სამომავლოდ გადაიდო, რათა სასამართლომ შესაბამისი თანხების არსებობის დამადასტურებელ მონაცემებზე წვდომა მიიღოს.

მოსამართლე დევიდ მაკჰიუს გადაწყვეტილებით, ბრალდებული კლოვერჰილის ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც ის 4 ოქტომბერს ვიდეოსიგნალით ჩაერთვება შემდეგ სასამართლო პროცესზე.

ამავე საქმეზე ასევე დაკავებულია ორი, 30 და 50 წლის ქალი.

მათი დააკვება ნარკოტრეფიკის შესახებ კანონის საფუძველზე მოხდა და წინასწარ პატიმრობაში, შესაძლოა, შვიდი დღე გაატარონ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი