საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამას აფართოვებს.

პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, ამიერიდან 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკრო სესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება. აღნიშნულ სესხზე ასევე მოქმედებს სახელმწიფოს 80%-იანი გარანტია.

ახალი პირობების თანახმად, მიკრო და მცირე მეწარმეებს პროგრამაში განმეორებით მონაწილეობის შესაძლებლობაც უჩნდებათ. წარმატებული ბენეფიციარებისთვის პროგრამას დაემატა 70 000-დან 150 000 ლარამდე განვითარების სესხი, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითა და 80%-იანი სახელმწიფო გარანტიით.

ამასთან, გაფართოვდა სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი.

როგორც საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა, ირაკლი გაბრიაძემ განაცხადა, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელს ამოქმედდა და მან მაშინვე დიდი ინტერესი გამოიწვია მეწარმეებში. ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში უკვე დადასტურებულია 1,837 სესხი, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა კი  83 მლნ ლარს შეადგენს.

"ბიზნესის ასეთმა დაინტერესებამ და ბენეფიციარების მხრიდან ნაჩვენებმა წარმატებულმა შედეგებმა ნათლად დაგვანახა, პროგრამის გაფართოების საჭიროება. მიკრო სესხის მაქსიმალური ლიმიტი გავზარდეთ 50 000 ლარიდან 70 000 ლარამდე და დაფინანსების ხელმისაწვდომობა თანაბარი გავხადეთ ყველასთვის - ამიერიდან 70 000 ლარამდე მიკრო სესხი უპროცენტო იქნება ყველა მეწარმისთვის. გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა ერთჯერადი მხარდაჭერით აღარ შემოიფარგლება, რადგან საწყისი წარმატების შემდეგ, მეწარმეები დამატებითი რესურსებს საჭიროებენ შემდგომი ზრდისთვის. აღნიშნული ზრდის წასახალისებლად, გაჩნდა პროგრამით განმეორებით სარგებლობის შესაძლებლობა. წარმატებულ მეწარმეებს საშუალება ექნებათ კვლავ ისარგებლონ პროგრამით და მიიღონ 70 000-დან 150 000 ლარამდე სესხი შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით. დამატებით, ყველა ამ სესხზე სახელმწიფო მეწარმეებს უზრუნველყოფს 80%-იანი გარანტიით. იმედი გვაქვს, პროგრამა მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს მიკრომეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყანაში სამეწარმეო პოტენციალის ზრდას”, - აღნიშნა ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის და საკონსულტაციო სერვისების მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა ეწვიონ კორპორაციის ბიზნეს სივრცეებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ან დარეკონ ნომერზე 15 25.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ავრცელებს