საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გერმანულ გაზეთ Die Welt-ს განუცხადა, რომ ევროკავშირი მომდევნო თვეებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის წარდგენას აპირებს, რომელიც უდიდესი იქნება 2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
კალასის თქმით, მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებულმა სანქციებმა რუსეთს უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც ქვეყანამ 1 ტრილიონ ევროზე მეტი დაკარგა.
მანვე აღნიშნა, რომ სანქციების უდიდესი პაკეტის წარდგენა შემოდგომაზე იგეგმება. კალასმა ასევე დაამატა, რომ მიღებისთანავე ერთი-მესამედით გაიზრდება EU-ს მიერ სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირების რაოდენობა.
უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ წნეხი უნდა გაგრძელდეს, სანამ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.