კოპენჰაგენის ხელისუფლებამ ველოსიპედით გადაადგილების ახალი რეკომენდაციები შეიმუშავა. ამის მიზეზი ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს შორის გახშირებული კონფლიქტური და სახიფათო სიტუაციები გახდა. ახალი მითითებები პირველ რიგში იმ ტურისტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც დანიის დედაქალაქში ველოსიპედით გადაადგილდებიან.

კვლევის თანახმად, კოპენჰაგენში ველოსიპედით მოსარგებლე ათი ადამიანიდან რვა მიიჩნევს, რომ ტურისტები, რომლებიც ველოსიპედით გადაადგილდებიან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. პრობლემა ხშირად გამოცდილების ნაკლებობას უკავშირდება. ტურისტების ნაწილმა არც ოფიციალური წესები იცის და არც ის დაუწერელი ნორმები, რომლებიც დანიის ველობილიკებზე მოქმედებს.

კოპენჰაგენი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ველოსიპედურ ქალაქად ითვლება და ტურისტებისთვის ველოსიპედი ქალაქის დასათვალიერებლად პოპულარული საშუალებაა. ახალი წესების შესახებ ინფორმაცია ველოსიპედების გაქირავების პუნქტებშიც განთავსდება.

რეკომენდაციების მიხედვით, ველოსიპედისტმა მოხვევის ან გაჩერების წინ სხვა მონაწილეებს შესაბამისი ხელის სიგნალით უნდა აცნობოს თავისი განზრახვის შესახებ. ასევე საჭიროა ველობილიკის მარჯვენა მხარეს მოძრაობა, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში, ტურისტებს ურჩევენ, დილისა და საღამოს პიკის საათებში ველოსიპედით გადაადგილებას მოერიდონ.

თუმცა კოპენჰაგენის მერიის რეკომენდაციები მხოლოდ ტურისტებს არ ეხება. სპეციალური მოწოდება ადგილობრივებისთვისაც გამოქვეყნდა, რადგან წინა კვლევამ აჩვენა, რომ დანიის ხუთ უდიდეს ქალაქში 18-დან 40 წლამდე ველოსიპედისტების თითქმის ნახევარი ერთი მგზავრობის განმავლობაში საგზაო მოძრაობის წესებს ერთხელ მაინც არღვევს.

სპეციალისტების შეფასებით, ადგილობრივების მიერ წესების დარღვევა ტურისტებს კიდევ უფრო ურთულებს იმის გაგებას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გზაზე. ამიტომ კოპენჰაგენის მცხოვრებლებს ტურისტული სეზონის განმავლობაში მოუწოდეს, კარგი მაგალითი აჩვენონ და მეტი მოთმინება და ყურადღება გამოიჩინონ.

https://euro-pulse.ru/news/kopengagen-vvodit-novye-pravila-chtoby-izbezhat-velosipednyh-vojn-mezhdu-mestnymi-zhitelyami-i-turistami/