საფრანგეთში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული დავით მიქაძე დააკავეს. ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული დავით მიქაძე ახლახან დააკავეს საფრანგეთში“, - წერს კაკაბაძე Facebook-ზე.

დავით მიქაძეს გამოძიება ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. მას საქართველოს სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. მიქაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის არხებით იყო გამოცხადებული.

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ გიორგი და დავით მიქაძეებს ბრალი 2025 წლის აგვისტოში წარუდგინა. 12 აგვისტოს სამართალდამცველებმა საქართველოსა და კანადის ორმაგი მოქალაქე გიორგი მიქაძე დააკავეს, ხოლო დავით მიქაძე, რომელიც იმ დროისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, ძებნილად გამოცხადდა. იმავე საქმეზე 12 აგვისტოს კიდევ სამი პირი დააკავეს.

ლევან ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე 17 მარტს საქართველოს მოქალაქე გელა უძილაური დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, უძილაურმა ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა განახორციელა.