ესტონეთმა 192 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა Global Relocation Index 2026-ის რეიტინგში, რომელიც საცხოვრებლად გადასვლისთვის საუკეთესო ქვეყნებს აფასებს. რეიტინგის ავტორებმა განსაკუთრებით მაღალი შეფასება მისცეს ქვეყნის საბანკო სისტემას, ბიზნესის შესაძლებლობებს, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას, მწვანე სივრცეების რაოდენობასა და უსაფრთხოებას.
რეიტინგს ყოველწლიურად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Rumavi ადგენს. ქვეყნები 24 კრიტერიუმით ფასდება, მათ შორისაა ცხოვრების ღირებულება, გადასახადები, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, კლიმატი, განათლება, ინგლისური ენის გავრცელება და მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების შესაძლებლობა.
ესტონეთმა საბანკო სისტემის მიმართულებით 100-დან 99 ქულა მიიღო, ბიზნესის შესაძლებლობებისთვის 96, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობისთვის 82, მწვანე სივრცეებისთვის 86, უსაფრთხოებისთვის კი 77 ქულა. ყველაზე დაბალი შეფასება ქვეყანამ კლიმატური კომფორტისთვის მიიღო, მხოლოდ 20 ქულა 100-დან, რაც ცივი, ხანგრძლივი და ბნელი ზამთრით აიხსნება.
ესტონეთმა პირველი ადგილი დაიკავა ოჯახებისთვის საუკეთესო ქვეყნების ცალკე რეიტინგშიც. ამ კატეგორიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დანაშაულის დონეს, განათლების ხარისხს, ცხოვრების ღირებულებასა და ჯანდაცვის სისტემას.
ევროკავშირის ქვეყნებიდან საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ პორტუგალია, ლიტვა, ჩეხეთი და მალტა. პორტუგალია მეოთხე ადგილზე გავიდა და მაღალი შეფასებები მიიღო ციფრული მომთაბარეებისთვის შექმნილი პირობების, პენსიონერებისთვის ცხოვრების ხარისხის, უცხოელებისთვის უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობისა და უსაფრთხოების გამო.
ლიტვამ მეექვსე ადგილი დაიკავა, განსაკუთრებით ოჯახებისა და მეწარმეებისთვის ხელსაყრელი პირობების გამო. ჩეხეთის ძლიერ მხარედ კომერციული უძრავი ქონების შეძენის პირობები დასახელდა, მალტის შემთხვევაში კი განვითარებული ინფრასტრუქტურა და ინგლისური ენის ფართო გავრცელება.
2026 წლის საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ სინგაპური, მალაიზია, ტაივანი, ჰონგ-კონგი და სენტ-კიტსი და ნევისი
წყარო: https://euro-pulse.ru/news/estoniya-stala-luchshej-stranoj-mira-dlya-pereezda-v-2026-godu/