აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ დავაზე ENKA Renewables-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აშშ-ში ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღო.
2026 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მიერ გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრა 443.3 მილიონ აშშ დოლარად, 356.2 ათას ევროდ და 40.4 ათას ფუნტ სტერლინგად. თანხას სრულ გადახდამდე SOFR-ის განაკვეთს დამატებული 4%-ის ოდენობის პროცენტი დაერიცხება. შედეგად, მიმდინარე მოცულობა დაახლოებით 1.15 მილიარდ ლარს შეადგენს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება გასაჩივრებას ექვემდებარება და სახელმწიფო ამ შესაძლებლობას გამოიყენებს.
ENKA-სა და საქართველოს შორის დავა 2021 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ნამახვანჰესის“ საინვესტიციო შეთანხმება შეწყდა. ICC-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა 2024 წლის დეკემბერში საქართველოს ENKA-სთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
საქართველოს მხარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას საფრანგეთის სასამართლოში ითხოვს და აშშ-ის სასამართლოსგან საქმის განხილვის შეჩერებასაც მოითხოვდა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ENKA Renewables-ი თურქული ENKA-ს შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში 433-მეგავატიანი „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობას გეგმავდა.