იტალიელი მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეგვიპტეში, გიზის პლატოს ქვიშის ქვეშ მეორე სფინქსი იმალება. თუმცა შესაძლო აღმოჩენა უფრო დიდი საიდუმლოს მხოლოდ ნაწილია: თანამგზავრული მონაცემები პლატოს ქვეშ დიდი ზომის შახტების, გასასვლელებისა და სხვა ნაგებობების სისტემაზეც მიუთითებს.

საუბარია გიზის ცნობილი სფინქსის შესაძლო „ტყუპზე“. არსებული მონაცემებით, სავარაუდო მეორე მონუმენტი პირველი სფინქსიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

მკვლევრები ამ ადგილამდე გიზის ძეგლების განლაგების უჩვეულო სიმეტრიამ მიიყვანა. რადარული ზონდირების სპეციალისტმა ფილიპო ბიონდიმ პირამიდებისა და სფინქსის მდებარეობა ერთმანეთს შეადარა და გამოთვალა ადგილი, სადაც მისი ვარაუდით მეორე მონუმენტი შეიძლებოდა ყოფილიყო. დღეს ამ ტერიტორიაზე გამაგრებული ქვიშისა და ქვის დიდი ბორცვია.

თანამგზავრული მონაცემების ანალიზმა ბორცვის შიგნით სფინქსის მსგავსი ობიექტის კონტურები აჩვენა. მკვლევრებმა მის ქვემოთ ვერტიკალური შახტები და გასასვლელებიც შენიშნეს, რომლებიც გიზის ცნობილი სფინქსის ქვეშ არსებულ სტრუქტურებს ჰგავს.

ერთი მთავარი კითხვა ისაა, როგორ შეიძლებოდა ერთი გიგანტური სფინქსი მთლიანად ქვიშის ქვეშ მოქცეულიყო, მაშინ როცა მეორე ათასობით წელია ზედაპირზე დგას. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ცნობილი სფინქსიც წარსულში არაერთხელ დაუფარავს ქვიშას და საუკუნეების განმავლობაში მისი ხელახლა გათხრა რამდენჯერმე გახდა საჭირო. ამიტომ მეორე სფინქსის სრულად დაფარვა მათ შეუძლებლად არ მიაჩნიათ.

ჰიპოთეზას კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც ახლავს. გიზის სფინქსის თათებს შორის მდებარეობს ე.წ. „სიზმრის სტელა“, რომელიც ფარაონმა თუტმოს IV-მ დაახლოებით ძვ. წ. 1400 წელს აღმართა. სტელის ზედა ნაწილში ორი სფინქსია გამოსახული. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა უბრალოდ ერთი ძეგლის სიმბოლური გამეორება კი არა, რეალურად არსებული ორი სფინქსის გამოსახულება იყოს.

ჯერჯერობით ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა და იგი თანამგზავრულ მონაცემებს ეფუძნება. მეორე სფინქსისა და მიწისქვეშა სტრუქტურების არსებობის დასადასტურებლად ადგილზე დამატებითი კვლევებია საჭირო.

წყარო: https://euro-pulse.ru/news/italyanskie-uchenye-zayavili-chto-nashli-ryadom-so-znamenitym-sfinksom-v-gize-ego-dvojnika/