„წარმოიდგინეთ, თურქეთიდან რკინიგზა რომ გვქონდეს, რამდენად გაიზრდებოდა ზუსტად იმ ევროპელი ტურისტების ვიზიტები საქართველოში, რომლებიც თურქეთში მოგზაურობენ“, - ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ამაზე ტურიზმის სექტორი 10 წელია საუბრობს და სამწუხაროა, რომ ქვეყანაში მასშტაბური და შედეგიანი ქმედებები არ ხორციელდება.
„ციფრულ სამყაროში ჩვენ რამდენიმე წლით უკან ვართ და იგივე მეთოდებით მოქმედებს სახელმწიფო და სხვათა შორის, კერძო სექტორიც, როგორიც იყო 10-15 წლის წინ. მაგრამ რაღაც სხვა სიახლეები გვჭირდება.
თუ გაგიგიათ რაიმე რეგიონული ან ტურისტული პროდუქტის ბრენდინგზე? - თითქოს არაფერი კეთდება. ანუ, პროფესიონალურ დონეზე არ კეთდება.
ვფიქრობ, ახლა ევროპაში უკვე ზამთრის მიმართულების რეკლამირება უნდა ხდებოდეს (დაგვიანებულია კიდეც), სანამ ევროპელები გადაწყვეტენ სად წავლენ.
ჩვენი ზამთრის კურორტები გადაიქცა ძირითადად რუსებისთვის საინტერესო მიმართულებად. გაზაფხული-ზამთრის პერიოდში ტურისტების რაოდენობა ძალიან იყო შემცირებული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.
ჩვენი ქვეყნის გარშემო ძალიან რთული სიტუაციაა, მაგრამ ამ სიტუაციაშიც შეიძლებოდა უფრო მეტი სწორი ნაბიჯის გადადგმა.
დღემდე არ გვაქვს კომფორტული რკინიგზა. წარმოიდგინეთ, თურქეთიდან რკინიგზა რომ გვქონდეს, რამდენად გაიზრდებოდა ზუსტად იმ ევროპელი ტურისტების ვიზიტები საქართველოში, რომლებიც თურქეთში მოგზაურობენ. ანუ თურქეთს მივაბამდით ჩვენთან დასვენებას, როგორც მოგზაურობის გაგრძელებას და იქნებოდა ძალიან კარგი.
ამაზე 10 წლის წინაც ვსაუბრობდით. ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი მასშტაბური, შედეგიანი ქმედებები არ არის“, - აღნიშნა ია თაბაგარმა.