სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღვინის მცირე და საშუალო კომპანიების წარმომადგენლებს ღვინის ხარისხის კვლევის მიმართულებით ლაბორატორიაში არსებული სერვისები და შესაძლებლობები გააცნეს.
შეხვედრაზე მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ ღვინის ხარისხის კვლევებით განსაზღვრული ძირითადი პარამეტრების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობაზე ღვინის ხარისხის შეფასებისა და პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ღვინის ხარისხობრივ კვლევებს აკრედიტებული მეთოდებით ახორციელებს და ღვინის სექტორის წარმომადგენლებს შესაბამის ლაბორატორიულ მომსახურებას სთავაზობს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილია ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიის გურჯაანის ფილიალის გახსნა, რაც კახეთის რეგიონში ღვინის მწარმოებლებისთვის ლაბორატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გაზრდის.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ღვინის ხარისხის კვლევების მიმართულებით მომსახურების განვითარებასა და რეგიონებში ხელმისაწვდომობის გაზრდას აგრძელებს.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ავრცელებს