საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, გამომუშავებაც მატულობს, თუმცა გენერაცია მოხმარების მზარდ დინამიკას ვერ ეწევა. შესაბამისად, წლიდან წლამდე იზრდება ელექტროენერგიის იმპორტიც საქართველოში და სწორედ, ასე ხდება დანაკლისის შევსება. იმპორტი ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან ხდება. შესაბამისად, რუსულ დენზე ჩვენი დამოკიდებულებაც იზრდება.

მაგალითისთვის, 2025 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 97-ჯერ გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მონაცემებით, წელს აგვისტოში საქართველომ 4.725 მლნ დოლარის ღირებულების დენი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 48.4 ათასი დოლარის.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2025 წლის აგვისტოში ყველაზე დიდი რაოდენობით დენი რუსეთში ვიყიდეთ - 2.818 მლნ დოლარის ღირებულების, მეორე ადგილზეა სომხეთი - 1.244 მლნ დოლარით, მესამეზე კი აზერბაიჯანი, საიდანაც 663.2 ათასი დოლარის ღირებულების ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, გამოდის, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში ელექტროენერგიის იმპორტში თითქმის 60% რუსულ დენზე მოდიოდა.

მთლიანად, 2025 წლის 8 თვეში კი საქართველომ 10.8 მლნ დოლარის ელექტროენერგია იყიდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 755%-ით მეტია. კერძოდ, გასულ წელს იმავე პერიოდში იმპორტი მხოლოდ 3.6 მლნ დოლარს შეადგენდა.

არადა, მთავრობის ბოლო გეგმით, 2030 წლისთვის ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი უნდა გამხდარიყო, ამასვე მოგვიწოდებდა ევრორეკომენდაციებიც. არსებობს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 10-წლიანი სტრატეგიაც, რომლის თანახმადაც, 2034 წლისთვის ქვეყანაში დაგეგმილია 200-ზე მეტი ჰესის, 25 ქარის სადგურის მშენებლობა და 3 თბოსადგურის ჩანაცვლება.

მსგავსი მიდგომა თანხვედრაშია გლობალურ პროცესებთანაც. განახლებადი ენერგიების სექტორი მსოფლიოშიც სწრაფი ტემპით ვითარდება. ტრადიციულთან ერთად, დენის გამომუშავების ალტერნატიული წყაროების დიდი პოტენციალი აქვს საქართველოსაც, თუმცა, ინვესტორებს პროექტების განხორციელების საშუალება არ ეძლევათ.

კერძო სექტორს ხან ქსელზე დაერთების შეუძლებლობა არ აქვს, ხან აღმოჩნდება, რომ კვოტა შეივსო, რადგან ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა ერთი და იგივე ტერიტორიაზე ბევრი 500 კილოვატიანი სადგურის მშენებლობის ნებართვა სწრაფად მოიპოვეს, მაშინ როცა სხვებს ერთი პროექტის განსახორციელებლად 10-საფეხურიანი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა, ხუთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში უწევს, რაც ელექტროსადგურების აშენებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.

შესაბამისად, კერძო სექტორისთვის დაწესებული ბარიერები დენის იმპორტიორებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის - მეტ დენს შემოიტანენ, მეტ შემოსავალს მიიღებენ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა კი სულ უფრო მიუღწეველი მიზანი ხდება.

აღნიშნულ საკითხებზე „ბიზნესპრესნიუსი“ საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელ თორნიკე დარჯანიას ესაუბრა.

მისი თქმით, წლევანდელმა ცხელმა ზაფხულმა უპრეცედენტო სიტუაცია შექმნა - ელექტროენერგიის მაღალი მოხმარების გამო ქვეყანას დენის იმპორტთან ერთად, თბოსადგურების ჩართვაც დასჭირდა.

„წელს დაფიქსირდა უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ზაფხულში თბოსადგური იყო ჩართული. ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა მზის გენერაციის პიკი გვქონდა ვამუშავებდით თბოსადგურებს და ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად ვწვავდით გაზს, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის რუსული ან აზერბაიჯანული. წელს იყო ძალიან ცხელი ზაფხული და ელექტროენერგიის მზარდი საჭიროება. ამასთან, ტურისტების მაღალი აქტივობა იყო, განსაკუთრებით აჭარაში, შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარება იმდენად გაიზარდა, რომ მოგვიწია ზაფხულში თბოსადგურის დატვირთვით მუშაობა“, - ამბობს რესპონდენტი.

როგორც თორნიკე დარჯანია აღნიშნავს, ზაფხულის პიკური პერიოდები არის ყველაზე კარგი პერიოდი იმისთვის, რომ ქვეყანაში მზის სადგურებით მეტი ელექტროენერგიის გამომუშავება მოხდეს. მისივე თქმით, მზის ელექტროსადგურებთან ერთად, სხვა განახლებადი ენერგიების მეტად განვითარება იმპორტდამოკიდებულების შემცირებას შეუწყობს ხელს.

„ზაფხულის პიკური დატვირთვის დროს მზის ელექტროსადგური არის ფანტასტიკური საშუალება იმისა, რომ ეს პიკები მოხსნა და სისტემა გამართულად ამუშაო. თბოსადგურები არის გარდაბანში და იქიდან ხდება მთელი საქართველოს მომარაგება, ეს კი მაშინ, როცა მზის სადგურები შეგვიძლია რომ გადანაწილებულად გვქონდეს სხვადასხვა რეგიონში. სისტემის და ქსელისთვისაც ასე უმჯობესი იქნებოდა.

გარდა მზის სადგურებისა, განახლებადი ენერგიების სხვა წყაროები - ჰესები, ქარის ელექტროსადგურები, ბიომასა, თერმული ენერგია - უნდა იქნას გამოყენებული, რათა შევამციროთ იმპორტდამოკიდებულება. იმპორტზე დამოკიდებულება ყოველ წელს იზრდება, იზრდება მოხმარებაც, მაგრამ გენერაცია ამ მოხმარებას ვერ მიჰყვება. არის ხოლმე წლები, როცა შედარებით ნაკლებია მოხმარება, მაგრამ წელს იმდენად გაიზარდა, რომ, ფაქტობრივად, გენერაციის კომპონენტი მას ძალიან ჩამორჩება“, - აღნიშნავს თორნიკე დარჯანია.

როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, განვითარების მაღალი ტემპით ხასიათდება გლობალური ენერგეტიკის სექტორი. მაგალითად, 2025 წლისთვის მოსალოდნელია, რომ სექტორის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები 1.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ზრდაში ყველაზე მაღალი წილი მზის ელექტროსადგურებს უკავია. მაგალითად, ბოლო ათ წელში მზის სადგურებში ინვესტიციების მოცულობა 211%-ით არის გაზრდილი. 2015 წელს ამ მიმართულებით განხორციელებული იყო 142 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, 2025 წლის ბოლოსთვის კი მოსალოდნელია, რომ ეს თანხა 441 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

როგორც თორნიკე დარჯანია აღნიშნავს, მსგავსი დინამიკა შეინიშნება საქართველოშიც. მისი თქმით, მზარდია მოთხოვნა მზის სადგურებზე, რასაც ხელს უწყობს როგორც პროექტებზე ფასების შემცირება, ასევე საინვესტიციო მიმზიდველობა. კერძოდ, ინვესტორს პროექტის სწორად დაგეგმვის შემთხვევაში მოგებაზე გასვლა პროექტის განხორციელებიდან საშუალოდ 5-წლიან ვადაში შეუძლია. თუმცა, მზის განახლებადი ენერგიების განვითარებას საქართველოში აფერხებს ნეტო აღრიცხვის რეგულაციები.

„ძალიან დიდია ინტერესი მზის ელექტროსადგურების მიმართ - მარტივად აშენებ, მშენებლობის რისკები ნაკლებია, თუ ყველაფერი კარგად გაქვს გათვლილი, თითქმის 99%-იანი სიზუსტით არის შესაძლებელი მისი აშენება. თუმცა ჩვენ ახლა ვართ ისეთ ეტაპზე, როდესაც ნეტო აღრიცხვის რეგულაციის პირობებში ვეღარ შენდება დიდი სიმძლავრის - 500 კვტ. და მეტი სიმძლავრის მზის სადგური.

შესაბამისად, ინვესტორების მხრიდან არის ინტერესი, რომ აშენდეს მცირე სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები, სადაც სამინისტროს ენიჭება დიდი როლი,“ - ამბობს დარჯანია და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობაში გამოწვევას წარმოადგენს ბიუროკრატია და ვადები.

„სახელმწიფო აპარატში ყველაზე დიდი გამოწვევა არის ვადები. ნეტო აღრიცხვის ფარგლებში ძალიან მარტივი იყო პროექტის განხორციელება, რადგან „ენერგო პრო“ ავითარებდა ქსელს, არ გჭირდებოდა სამინისტროსთან ურთიერთობა და ბიუროკრატიული ბარიერები ნაკლები იყო. ახლა ბიუროკრატიული აპარატი შემოვიდა პროცესში, 3-4 სტრუქტურასთან გვიწევს ურთიერთობა, ვადებიც დიდია, რაც საბოლოოდ ზრდის ხარჯებს. პროექტები ვეღარ იქნება ისე სწრაფად განსახორციელებელი, როგორც აქამდე იყო“, - აღნიშნა მან.

სურათს თუ შევხედავთ გლობალურ დონეზე, ინვესტიციების კუთხით მზის სადგურების შემდეგ მეორე ადგილი უკავია გადამცემი ხაზების განვითარებას. ამ მიმართულებით წელს მოსალოდნელია, რომ გლობალურად 413 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯება. რაც შეეხება საქართველოს, გადამცემი ხაზების გამართულობა დღემდე გამოწვევაა.

„კახეთის ქსელი არ არის კარგ მდგომარეობაში, საჭიროებს განვითარებას, მაღალმთიან რეგიონებში ძალიან რთული მდგომარეობაა. არასახარბიელო მდგომარეობა არის ახალციხე-ახალქალაქისკენ, სადაც მზის გამოსხივების კარგი მაჩვენებელია და კარგი რეგიონებია მზის სადგურებისთვის, მაგრამ იქ რომ აწარმოო ელექტროენერგია, ქსელების არასათანადო მდგომარეობის გამო, მისი გამოტანა რთულია.

გამოწვევას წარმოადგენს ქსელის სტაბილურობა. ამ მიმართულებით არის გასაწევი ინვესტიციები, რათა ქსელი განვითარდეს. რიგ ადგილებში შეუძლებელია, რომ მზის ელექტროსადგური მოაწყო. ქსელს სჭირდება განვითარება და სტაბილურობა. ამასთან, დაგეგმილია, რომ ქსნის ქვესადგურში უნდა აშენდეს 200 მგვტ შემნახველი სისტემა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ასეთი პროექტები, რომ ხელი შეეწყოს მზის ელექტროსადგურების სტაბილურ მუშაობას“, - განაცხადა დარჯანიამ.

გარდა ქსელის გაუმჯობესებისა, დარჯანიას თქმით, ელექტროენერგიის სტაბილური გამომუშავებისა და მიწოდებისთვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი შემნახველი დანადგარების განვითარება იქნება.

„ვითარდება მზის ელექტროსადგურები და შესაძლოა, დომინანტი ელექტროენერგიის წყაროც კი გახდეს უახლოეს მომავალში. ეს განაპირობა როგორც გაიაფებამ, ასევე ტექნოლოგიურმა განვითარებამ. თუ შემნახველი სისტემები გაიაფდება, მომგებიანი ხდება ეს მიმართულება ყველა თვალსაზრისით და ინვესტორებს ამ პროექტებში შესვლით ნაკლები რისკი ექნებათ“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ თორნიკე დარჯანია.

წყარო: www.bpn.ge