Galt&Taggart-ის განახლებული პროგნოზით, 2023 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 4.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც 0.5პპ-ით დაბალია წინა პროგნოზთან შედარებით.

 

საინვესტიციო ბანკში ფიქრობენ, რომ შემდეგ თვეებში ინფლაციის ტემპის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ეროვნლი ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ივნისიდან დაიწყებს. ამასთან, არ გამორიცხავენ შესაძლებლობას სებ-მა პირველი შემცირება მაისის სხდომაზე გააკეთოს.

 

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მარტში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 5.3%-მდე შენელდა, წინა თვის 8.1%-იანი დონიდან, რაც ძირითადად ტრანსპორტისა და ჯანდაცვის კატეგორიებში ფასების კლებამ განაპირობა. ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, ასევე შენელდა და 5.0% შეადგინა (-1.6პპ თ/თ). 2023 წლის მარტში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+11.8%, 3.91პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+11.1%, 1.15პპ), ტრანსპორტი (-8.0% თ/თ, -1.00პპ), ჯანდაცვა (-9.1% თ/თ, -0.92პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+7.2%, 0.48პპ) და სასტუმროები და რესტორნები (+12.4%, 0.47პპ). ამასთან, 2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.2%-იან დეფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების შემცირებამ ტრანსპორტის (-2.3% თ/თ, -0.27პპ) კატეგორიაში.