საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური საჭიროებს გადაუდებელ რეფორმას, თუმცა ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა მოხდეს ეს, რამდენადაც აშშ და ჩინეთი სულ უფრო ხშირად იყენებენ მათ ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს თავიანთი ინტერესების წინ წასაწევად, დაწყებული ვაჭრობიდან და სამრეწველო პოლიტიკიდან, ტექნოლოგიებამდე, – ამის შესახებ ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის პოლიტიკის ფორმირების სტრუქტურა ფრაგმენტირებულია – ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური კურირებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, ევროკომისია კი აკონტროლებს მრავალ პოლიტიკურ ინსტრუმენტსა და ფინანსურ რესურსებს, რომლებიც აუცილებელია საზღვარგარეთ ევროკავშირის გავლენის გასავრცელებლად.
„მსოფლიო ასპარეზზე უფრო თავდაჯერებული რომ იყოს, ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა განსაზღვროს თავისი ინსტიტუტების როლები, რადგან თუ არ იცი, ვინ რაზეა პასუხისმგებელი, არ უნდა ელოდო შეუპოვრობას“, – ციტირებს „პოლიტიკო“ ჯოზეფ ბორელს, კაია კალასის წინამორბედს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, საფრანგეთის პოზიცია ასეთია: პარიზს სურს, მნიშვნელოვნად გააძლიეროს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილება (რომელსაც ამჟამად კაია კალასი იკავებს), მისთვის სხვა კომისრებთან მიმართებაში, როგორებიცაა საგარეო საქმეები, ვაჭრობა, განვითარება, მკაფიო იერარქიული უფლებამოსილების მინიჭებით.
„საფრანგეთი საგარეო ქმედებათა სამსახურის გაძლიერების მომხრეა და მინისტრის პოზიცია არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ამბასადორიალზე მისი შესუსტების წინააღმდეგ გამოვიდა“, – აცხადებს „პოლიტიკოსთან“ ფრანგი მაღალჩინოსანი.
ამასთან, გასულ კვირას საფრანგეთმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი დევიდ კვაში, რომელიც მანამდე საფრანგეთის ელჩი იყო ნატო-ში, დაიკავებს საგარეო ქმედებათა სამსახურში, თავდაცვის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას. ამასთან, საფრანგეთს სურს ამ რეფორმების დასრულება 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის პოზიცია შემდეგია: ის ნაკლებად ერთიანია კოალიციური მთავრობის გამო, თუმცა ზოგიერთი მაღალჩინოსანი საფრანგეთის საწინააღმდეგო მიდგომას ემხრობა – უფლებამოსილების შესუსტებას და კონტროლის უფრო მეტად ევროკომისიისთვის გადაცემას.
„ბერლინს საგარეო პოლიტიკის ერთიანი ხედვა არ აქვს“, – ამბობს პარლამენტარი ჰანა ნიუმანი, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრია.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა ბრიუსელში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული, საგარეო ქმედებათა სამსახური მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს ევროკომისიასთან“. მან ასევე ხაზი გაუსვა საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების საჭიროებას, არა ერთხმად, არამედ წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით, თუმცა, როგორც თავად აღიარებს, ამ ინიციატივას წევრი ქვეყნების ნახევრისგანაც კი არ მოჰყოლია მხარდაჭერა.
„ძირითადი კონფლიქტი: ამჟამად არსებობს სტრუქტურული განხეთქილება. საგარეო ქმედებათა სამსახური საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკითაა დაკავებული, იმ დროს როდესაც ევროკომისია აკონტროლებს ფაქტობრივად ფინანსურ რესურსებსა და პოლიტიკურ ინსტრუმენტებს.
რეფორმის სამი შესაძლო მოდელი: საფრანგეთის ანალიტიკურ დოკუმენტში, რომელიც ჯერ შემუშავების ეტაპზეა, საუბარია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის არქიტექტურის სამ შესაძლო სტრუქტურულ მოდელზე. 1. ევროკომისიისთვის უფლებამოსილების გაფართოება. ეს მიდგომა საგარეო პოლიტიკის მეტი კონტროლისა და ინსტრუმენტების კომისიის ხელში გადაცემას გულისხმობს; 2. საგარეო ქმედებათა სამსახურის დაახლოება ევროპულ საბჭოსთან; 3. ერთდროულად ორივე ინსტიტუტის გაძლიერება (ამ მოდელს ყველაზე მეტად ემხრობა საფრანგეთი). მოდელი კაია კალასს ანიჭებს მნიშვნელოვან უფლებამოსილებას ევროკომისიაში. ის გახდება ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და იერარქიული უპირატესობა ექნება სხვა კომისრებსა და გენერალურ-დირექტორატებზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საგარეო საქმეები, ვაჭრობა და განვითარება. თუმცა კაია კალასსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის არსებული რთული ურთიერთობების ფონზე, ეს, შესაძლოა, მარტივი არ აღმოჩნდეს. თუ უფრო განვავრცობთ, საფრანგეთს ევროკომისიაში მკაფიო იერარქიული სტრუქტურის ჩამოყალიბება სურს, რათა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტს რეალური წონა ჰქონდეს ევროკომისიაში. განიხილება ვერსია, რომ საგარეო ქმედებათა სამსახური გახდეს ევროკომისიის ერთ-ერთი გენერალური-დირექტორატი, რომელიც არ იქნება მართული ევროკომისიის პრეზიდენტის (ურსულა ფონ დერ ლაიენის) მიერ, არამედ დაექვემდებარება უმაღლეს წარმომადგენელს (კაია კალასს), რომელსაც გაუძღვება ორმაგი როლით – როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს წევრი“, – ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ამჟამად, ევროკავშირის მთავარ დიპლომატს, რომელიც, იმავდროულად, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიცაა და ევროკავშირის საბჭოში საგარეო და თავდაცვის მინისტერიალებს ხელმძღვანელობს, პრაქტიკაში სხვა კომისრებზე რეალური ძალაუფლება არ გააჩნია. ამიტომ საფრანგეთს სურს, იერარქიის სათავეში იყოს უმაღლესი წარმომადგენელი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები პოტენციური რეფორმების შესახებ საკითხის განხილვას სექტემბრიდან დაიწყებენ.