საქართველოს ავიაბაზარს კიდევ ერთი მსხვილი ევროპული მოთამაშე დაემატა. ნორვეგიის უმსხვილესმა და სკანდინავიის სიდიდით მეორე ავიაკომპანია Norwegian-მა კოპენჰაგენი-თბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კოპენჰაგენიდან პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა, რითაც საქართველოსა და დანიის სამეფოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა პირველად ამოქმედდა.

პირველი რეისი Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდა. ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა, რაც საწყისი რეისისთვის მაღალი დატვირთვის მაჩვენებელია და ახალი მიმართულების მიმართ ინტერესს უსვამს ხაზს.

Norwegian თბილისსა და კოპენჰაგენს შორის ფრენებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. ახალი ავიარეისი ქართველ მგზავრებს ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ავიაჰაბთან პირდაპირ წვდომას აძლევს, რაც როგორც ტურისტული, ისე საქმიანი გადაადგილებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

მიმართულების ამოქმედება საქართველოს საავიაციო სექტორისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. თბილისი Norwegian-ის ქსელში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანიის ერთწლიანი პროაქტიული მოლაპარაკებების შედეგად შევიდა. ეს თანამშრომლობა საქართველოს ავიაბაზრის გაფართოებასთან ერთად, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ზრდას და ევროპასთან საჰაერო კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენები აქამდე არასდროს შესრულებულა. შესაბამისად, დანიის დედაქალაქთან პირდაპირი კავშირი საქართველოსთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც ქვეყნისთვის სკანდინავიის ბაზართან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის შესაძლებლობას ქმნის.

სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წელს სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს 20 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ Norwegian-ის შემოსვლა ამ მაჩვენებლის ზრდას შეუწყობს ხელს და საქართველოს სკანდინავიელი ტურისტებისთვის უფრო ხელმისაწვდომ და მიმზიდველ მიმართულებად აქცევს.

Norwegian 1993 წლიდან ოპერირებს და დღეს ევროპის ერთ-ერთ წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად ითვლება. მგზავრთა გადაყვანის მოცულობით ის ევროპაში მეოთხე უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავია. 2021 წელს კი Skytrax-მა Norwegian ჩრდილოეთ ევროპის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად დაასახელა.