27 ივნისიდან თბილისიდან დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები იწყება. რეისებს ბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian Air შეასრულებს. რეგულარული საჰაერო ხაზის ამოქმედების მიზნით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ კომპანიას ფინანსური სტიმულის სახით ჯამში 400,000 ევრო შესთავაზა.
ხელშეკრულების მიხედვით, Norwegian Air თბილისისა და კოპენჰაგენის მიმართულებით ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებს, ხოლო საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიას თითოეულ ჩამოყვანილ მგზავრზე განსაზღვრულ თანხას გადაუხდის.
Norwegian-ის ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, უახლოეს თარიღებში, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, თბილისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით ბილეთის ფასი 81 ევროდან იწყება და 313 ევრომდე აღწევს. რეისები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.
რაც შეეხება კოპენჰაგენიდან თბილისში დაბრუნებას, 27 ივნისის მდგომარეობით, ბილეთის ფასი 530 ევროა, თუმცა ივლისსა და აგვისტოში დაბრუნების ბილეთები 121 ევროდან 325 ევრომდე მერყეობს.
ხელშეკრულების თანახმად, პირველი საოპერაციო პერიოდი 2026 წლის 27 ივნისიდან 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში Norwegian Air თითოეულ შემომყვან მგზავრზე 60 ევროს მიიღებს. ამავე ეტაპზე ავიაკომპანიისთვის გადასახდელი სტიმულის მაქსიმალური თვიური ოდენობა 66,667 ევროა.
მეორე ეტაპზე, 2026 წლის 28 სექტემბრიდან 27 დეკემბრამდე, სუბსიდია ერთ მგზავრზე 35 ევრომდე შემცირდება, ხოლო თვიური ლიმიტი 40,000 ევრო იქნება.
მესამე ეტაპზე, 2026 წლის 28 დეკემბრიდან ხელშეკრულების დასრულებამდე, Norwegian Air თითოეულ მგზავრზე 15 ევროს მიიღებს, ხოლო თვიური ლიმიტი 13,333 ევროს შეადგენს.
დოკუმენტის მიხედვით, ავიაკომპანიისთვის გადასახდელი სტიმულის საერთო მოცულობა 400,000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს, მიუხედავად იმისა, რამდენ მგზავრზე გახდება თანხის დარიცხვა შესაძლებელი.
ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად Norwegian Air-მა ყოველთვიურად მინიმუმ ორი რეგულარული რეისი უნდა შეასრულოს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს, რომ რეისების გაუქმების ან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის თვეში სტიმული აღარ გაიცემა.
ცნობისთვის, საქართველოდან კოპენჰაგენის მიმართულებით რეისებს ადრე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან Wizz Air ასრულებდა, თუმცა გასულ წელს აღნიშნული მიმართულება შეწყდა.