„6 წელიწადში ჩვენ დავკარგეთ იმდენი მოსახლეობა, რამდენიც დღეს ცხოვრობს ჭიათურაში,“ - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „საქმე“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული პრობლემების შესახებ საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის შედეგები.

„საქსტატის“ განახლებული აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8%-ით ანუ 215 777 კაცით მეტია.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 52% ანუ 2 048 577 ადამიანი - ქალია, ხოლო 48% ანუ 1 881 004 პირი - კაცი.

2024 წლის აღწერის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ ათი წლის განმავლობაში ქალაქის ტიპის მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად - 15,7%-ით არის გაზრდილი, სოფელი კი სულ უფრო ცოტავდება და 2014 -2024 წლებში კლებამ 7,4% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 111 ათასზე მეტი ადამიანია.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს 4 მლნ-მდე მოსახლეობის 62% ანუ 2 442 231 კაცი ქალაქში ცხოვრობს, ხოლო 38% ანუ 1 487 350 კაცი სოფლის ტიპის დასახლებებში.

„ერთის მხრივ გვაქვს წარმატებები, რომელთა არდანახვა არ შეიძლება. პირველ რიგში ეს არის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, მოიმატა სიცოცხლის საშუალო ასაკმა, გაიზარდა მართლმადიდებელთა საერთო რაოდენობა, გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვისთვისაც ქართული მშობლიურ ენას წარმოადგენს და ეს კონტინგენტი დაახლოებით, 40 ათასით აღემატება ქართველთა რაოდენობას. ეს კი, ნიშნავს რომ ქართული მშობლიური, სამეტყველო ენა არის ბევრი სხვა არაქართველისთვისაც.

თუმცა, გვაქვს პრობლემები და ეს პრობლემები უნდა დავინახოთ არამარტო მოსახლეობის აღწერის მიხედვით, არამედ მიმდინარე სტატისტიკითაც,“ - განაცხადა არჩვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, გასული წელს დაფიქსირდა დადებითი მიგრაციული სალდო, მაგრამ ამასაც ჰქონდა თავისი ნეგატიური ფაქტორი.

„გასულ წელს იყო პირველად მიღწეული დადებითი მიგრაციული სალდო ანუ შემოვიდა მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე გავიდა. მაგრამ, დადებითი სალდოს მქონე ერთ საქართველოს მოქალაქეს მოჰყვა 7 საქართველოს არამოქალაქე ანუ მათი რაოდენობა მეტად გაიზარდა.

ბოლო 15-წლიან პერიოდს თუ ავიღებთ, საქართველოს მოქალაქეებს შორის უარყოფითი სალდო გაიზარდა 315 ათასით, ხოლო არამოქალაქეების დადებითი სალდო - 290 ათასით და ეს აისახა მოსახლეობის აღწერის მასალებში.

წილობრივად, საქართველოს მოქალაქეების შემცირების ტენდენციაა,“ - აღნიშნა სტატისტიკოსმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ათეული წლის შემდეგ ქართველებისა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობის თანაფარდობა შემცირდეს, სოსო არჩვაძის შეფასებით, ეს დამოკიდებულია იმ ტენდენციებსა და მდგომარეობებზე, რაც ჩამოყალიბდება.

„მაგალითისთვის მოვიყვან 9 აპრილის შემდგომ პერიოდს, როდესაც ქალებმა გადაწყვიტეს, რომ დამატებით კიდევ ერთი ბავშვი გაეჩინათ.

სხვათა შორის, მომდევნო წლებში შობადობის საერთო მაჩვენებელი საკმაოდ გაზრდილი იყო. მერე იყო სამოქალაქო დაპირისპირებები და ეს ტენდენცია მინავლდა, მაგრამ სოციალურ დამოკიდებულებას, ეკონომიკური პირობების შეცვლას, რა თქმა უნდა, პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

პანდემიის შემდეგ ჩვენ ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი გვაქვს ანუ გარდაცვლილთა რაოდენობა მეტია დაბადებულების რაოდენობაზე.

თუ ამას დავაჯამებთ 2020-2025 წლის ჩათვლით, სხვაობა არის დაახლოებით იმდენივე, რამდენიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის რიცხოვნობა. ანუ ამ 6 წელიწადში ჩვენ დავკარგეთ იმდენი მოსახლეობა, რამდენიც დღეს ცხოვრობს ჭიათურაში.

თუ ავიღებთ უფრო გრძელ პერიოდს: 2015-2025 წლებს, დავინახავთ, რომ ყოველ წელს დაბადებულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე წინა წელს. ეს დაღმავალი ხაზი შეგვიძლია სახაზავით გავასწოროთ,“ - განაცხადა სტატისტიკოსმა.

www.bpn.ge