"როგორც ჩანს, ნათია ჯანაშიამ, თავის დროზე, შეიმუშავა სტრატეგია, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტროს მიერ ორი ქართველი მოსამართლის - მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსუძის დასანქცირების ფაქტი გამოეყენებინა კონტექსტიდან ამოგლეჯვით და იგი, როგორც ქართული მართლმსაჯულების კრებსითი სახე, ისე წარედგინა ლონდონის სასამართლოში.
ამით მან სცადა შეექმნა ილუზია, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემაში უკლებლივ ყველა მოსამართლე, მათ შორის, მისი საქმის განმხილველი დამოუკიდებელი მოსამართლეები (არჩილ კოჭლამაზაშვილი და ლაშა თავართქილაძე) მუშაობენ იმავე სისტემაში, სადაც ჩინჩალაძესა და მურუსიძეს აქვთ გავლენები. მოსალოდნელ შედეგად, როგორც ჩანს, ნათია ჯანაშია განიხილავს მოლოდინს, რომ სასამართლო მის სარჩელს არსებითად განსახილველად მიიღებს. ვფიქრობ, მისი ეს სტრატეგია გარდუვალი მარცხისთვისაა განწირული", - ამბობს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" - აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაზე. შეგახსენებთ, აფბა "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" მინორიტარი აქციონერის (30%) მიერ პროვოცირებული გახმაურებული ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს აწარმოებს.
როგორც ჯინჭარაძე აღნიშნავს, ლონდონის სარჩელის მიხედვით, ჯანაშია პირდაპირ აცხადებს, რომ ქვეყანაში სამართლიანი პროცესის წარმოების რესურსი არ არსებობს, ვინაიდან მისი საქმის განმხილველი დამოუკიდებელი მოსამართლეები (არჩილ კოჭლამაზაშვილი და ლაშა თავართქილაძე) მუშაობენ იმავე სისტემაში, სადაც ჩინჩალაძესა და მურუსიძეს აქვთ გავლენები.
"სარჩელის ტექსტში ვკითხულობთ: "მოსარჩელეს (ნათია ჯანაშიას) სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით... საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს“. და ეს თვითრწმენა არის ნათია ჯანაშიას მთავარი არგუმენტი საიმისოდ, რომ ლონდონის სასაამრთლომ მისი სასარჩელო განცხადება წარმოებაში მიიღოს.
ფაქტია, ნათია ჯანაშიას მხარე აქტიურად იყენებს დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი მოსამართლეების, მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის ფაქტორს, რათა ხელოვნურად მოახდინოს საკუთარი დავის. პოლიტიზება. ეს სვლა, ცალსახაა, რომ ემსახურება მის სტრატეგიულ მიზანს - შეიქმნას ილუზია, თითქოს კერძო კომერციული დავის ობიექტურად განხილვა საქართველოში შეუძლებელია", - განმარტავს ანალიტიკოსი.
ისმის კითხვა - მაინც რატომ სჭირდება ნათია ჯანაშიას მურუსიძე-ჩინჩალაძის ხაზის გააქტიურება? როგორც ბაჩანა ჯინჭარაძე აღნიშნავს, ჯანაშიას ბრიტანულ სარჩელში ამ ფიგურების ხელოვნური ინტეგრირების ძირითადი განმაპირობებელად მიზეზად ორი რამ შეიძლება გამოიყოს. "პირველი ის, რომ მას ამ გზიტ სურს როგორმე მოიპოვოს ლონდონის სასამართლოს იურისდიქცია, რამდენადაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ინგლისის სასამართლო არ განიხილავს სხვა სუვერენული ქვეყნის შიდა ბიზნეს-კონფლიქტებს, თუ არ არსებობს მყარი მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს მშობლიურ ქვეყანაში სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელი არ მიუწვდება. ჩინჩალაძისა და მურუსიძის ბრიტანული სანქციების მოშველიებით კი, ჯანაშია ცდილობს დაარწმუნოს ლონდონის სასამართლო, რომ საქართველოში მთელი სისტემა კორუმპირებულია და, შესაბამისად, საქმე ბრიტანეთმა უნდა განიხილოს.
მეორე მიზეზი კი შესაძლოა იყოს ლონდონში წარმოებული დავის პერიპეტიებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიების (საქმე #092060925001) გადაფარვის სურვილი. აღნიშნული საქმე "საქართველოს განათლების ჯგუფის" (აკადემიის მაჟორიტარი პარტნიორი - 70%) მიმართვის საფუძველზეა აღძრული და ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის აკადემიის მენეჯმენტში ყოფნის 5 წლიან პერიოდში აკადემიის ბიუჯეტიდან 4 მილიონი დოლარის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტს იძიებს.
ბუნებრივია, ნათია ჯანაშიას აქვს ის გათვლაც, რომ ქართული სასამართლოს წინასწარ გამოცხადება "მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანად", წარმოადგენს პრევენციულ სტრატეგიას, რათა ნებისმიერ სამომავლო გამამტყუნებელ ვერდიქტს (მათ შორის, აღნიშნულ საქმეზეც) ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების იარლიყი მიეწებოს", - მიაჩნია ჯინჭარაძეს.
ანალიტიკოსი თვლის, რომ ნათია ჯანაშიას მცდელობა, დიდი ბრიტანეთის სასამართლოში ემოციური და პოლიტიზებული ნარატივებით მოიპოვოს უპირატესობა, დიდი ალბათობით, წარუმატებლად დასრულდება. "ბრიტანული მართლმსაჯულება მკაცრად იცავს პროცესუალურ სტანდარტებს და კომერციულ დავებში მესამე პირების სასანქციო სტატუსით მანიპულირებას, არგუმენტად, ბუნებრივია, ვერ მიიღებს.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლონდონის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადების ივლისამდე გაჭიანურება მიანიშნებს იმაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი „სანქციების ნარატივი“ ბრიტანელი მოსამართლეებისთვის, როგორც ცჩანს, არ აღმოჩნდა საკმარისი იურისდიქციის ავტომატურად მისაღებად. შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ლონდონის სასამართლომ საერთოდ უარი თქვას საქმის განხილვაზე, რაც მურუსიძისა და ჩინჩალაძის სახელებით აგებულ თავდაცვით სტრატეგიას საბოლოო სამართლებრივ ფიასკომდე მიიყვანს, - დასძენს აფბას ანალიტიკოსი.
R