ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვართან დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო მაგისტრალი ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს, - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნნის კვლევის ცენტრი იუწყება და თან ფოტომასალას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, ჯავახეთის რეგიონში დროში გაჭიანურებული და დაუსრულებელი საგზაო პროექტები სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სირთულეებს ქმნის, რაც, პირველ რიგში, საქართველოზე გამავალ მიმართულებაზე და სატრანზიტო გადაზიდვებზე ნეგატიურად აისახება.

"ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრამდე, (კმ 90 დან - კმ 112 მდე), 22 კმ-იანი საგზაო მონაკვეთი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური გადაადგილების უზრუნველსაყოფად, არამედ ძირითად სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს, რომელიც სახელმწიფოთაშორის ტვირთების გადაზიდვებს ემსახურება.საერთაშორისო მონაკვეთზე სატვირთო ტრანსპორტის გადამზიდავები მუდმივად უსაფრთხოების საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას.

მათივე განმარტებით, გზის საფარზე მრავალი ორმოს გამო, მძღოლები იძულებულნი არიან, საპირისპირო ზოლში გადავიდნენ და იმოძრაონ, რაც გზაზე სახიფათო-საავარიო სიტუაციებს ქმნის, რასაც ემატება მათი სატრანსპორტო საშუალებების მუდმივად გაზრდილი დაზიანების რისკის ქვეშ ყოფნა.ნინოწმინდიდან სოფელ ორლოვკამდე მიმავალი 8 - კმ გზის მონაკვეთი უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. მთელ გზაზე განფენილია როგორც ღრმა, ისე ზედაპირული ორმოები, რომლებიც ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს და სატვირთოების გადაადგილებას თითქმის შეუძლებელს ხდის. წვიმიან ამინდში კი ასეთი ორმოების სიღრმის გარჩევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რაც კიდევ უფრო ზრდის სატრანსპორტო საშუალების დაზიანების ხარისხს.

სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით სატვირთოების მძღოლების ნეგატიურ გამონათქვამებს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ამონარიდს:ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლის განცხადებით:

„დღეს გზა იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ, თუ ერთ ლარს ვშოულობთ, ათ ლარს მანქანის შეკეთებაში ვხარჯავთ. დღე ისე არ გადის, რომ ტვირთი დანიშნულების ადგილზე დაზიანებით არ ჩავიტანოთ“.საყურადღებოა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მძღოლის განცხადება, რომელიც სატრანზიტო გადასახადს და გზის მდომარეობის შესაბამისობას ეხმიანება: „სავალალო მდგომარეობაა ნინოწმინდის მიმართულებით. ყოველ გავლაზე გზით სარგებლობის საფასურის სახით 350 ლარს ვიხდით და გამოსავალი არ ჩანს. ამ გზაზე რომ სატრანსპორტო საშუალება გაივლის, თანხა როგორ უნდა გადაახდევინო? ან რას ხმარდება ეს თანხა? მინიმუმ დღე-ღამეში 200 სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს, თანხა ხომ შემოდის ამ გზაზე, თანხას ხომ იხდიან?!, საზღვარს გადახვალ სომხეთის მხარეს - იდეალური გზაა, აქეთ გადმოხვალ - ჯოჯოხეთია. სამი წლის წინ კი პირიქით იყო“.

.ამონარიდი მძღოლის განცხადებიდან: „აბა, ეს მოსაწონია, ამდენ ფულს რომ ვიხდით, გადასახადები მოგვიმატეს, ფულს რომ ქაფავენ და გზას საერთოდ არაფერი რომ არ ხმარდება“.

სატვირთოს მძღოლის სარკაზმული განცხადება: „თან საგზაო ნიშანი რომ აყენია, 40 კმ ით დაშვებული მოძრაობაა, არადა, 20 კმ - ით ვერ იმოძრავებ, ისეთი საშინელებაა“.

ეს მხოლოდ ნაწილია სოფიალური ქსელიდან მძღოლების მიერ გაკეთებული განცხადებისა.ორლოვკადან სომხეთის საზღვრამდე გზის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. თუმცა, ამ მონაკვეთზე დაასფალტებლად გამზადებული ორმოები დაახლოებით ერთი თვეა დაუსრულებელ მდგომარეობაში რჩება.

შედეგად, მოძრავი სატვირთოები ხელმეორედ აზიანებენ მოასფალტებლად გამზადებულ გზის საფარს, ეს ყოველივე კი ზრდის საავტომობილო გზების მოვლა შენახვის ხარჯებს.

საგულისხმოა, რომ 2022 წლის ბოლოს ექსპლუატაციაში შევიდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა ნინოწმინდის საბაჟო-გამშვები პუნქტი, სადაც კონტროლის თანამედროვე სისტემებით ინსტალირებული 11 გასასვლელი მოეწყო.გამშვებ პუნქტზე დღე-ღამეში, ორივე მიმართულებით, მინიმუმ 600-მდე სატვირთოს, 3000-მდე მსუბუქი მანქანისა და 8000-მდე მგზავრის გატარებაა უზრუნველყოფილი.

გამშვები პუნქტის აღდგენა რეალურ წინაპირობას იძლეოდა, რომ ანალოგიურად განახლდებოდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რადგანაც მხოლოდ ამ ორი რგოლის შეთანხმებული მუშაობითაა შესაძლებელი სრულყოფილი და უსაფრთხო სატრანზიტო გადაზიდვების განხორციელება. პრაქტიკულად ოთხი წლის შემდეგ სატვირთოების გადამზიდავები ისევ ანალოგიურ, საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემაზე ამახვილებენ ყურადღებას. ანდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო მიმართულების გზებზე გაჭიანურებული და დაუსრულებელი საგზაო სამუშაოები აფერხებს ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციის სრულფასოვან შესრულებას.

აღნიშნული მონაკვეთით მრავალი უცხოური სატვირთო მანქანა სარგებლობს. შედეგად, ბუნებრივია, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის იმიჯზე.

დასკვნის სახით - არსებულ ვითარებაში აუცილებელია სწრაფი რეაგირება და გადაუდებელი აღდგენითი ღონისძიებების გატარება, რეგიონში უსაფრთხო, გამართული და შეუფერხებელი სატრანსპორტო მოძრაობის უზრუნველსაყოფად." - აცხადებს სატრანპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.

სრულად იხილეთhttps://transcor.ge/ninocmindidan-somkhethis-sazghvarthan…/