„საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ მოიმატა, თუმცა მთელი მატების 57% მოდის სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე,“ - ამის შესახებ რადიოგადაცემაში „საქმე“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ მოსახლეობის აღწერის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის შედეგები.
„საქსტატის“ განახლებული აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8%-ით ანუ 215 777 კაცით მეტია.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 52% ანუ 2 048 577 ადამიანი - ქალია, ხოლო 48% ანუ 1 881 004 პირი - კაცი.
2024 წლის აღწერის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ ათი წლის განმავლობაში ქალაქის ტიპის მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად - 15,7%-ით არის გაზრდილი, სოფელი კი სულ უფრო ცოტავდება და 2014 -2024 წლებში კლებამ 7,4% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 111 ათასზე მეტი ადამიანია.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს 4 მლნ-მდე მოსახლეობის 62% ანუ 2 442 231 კაცი ქალაქში ცხოვრობს, ხოლო 38% ანუ 1 487 350 კაცი სოფლის ტიპის დასახლებებში.
„ერთის მხრივ გვაქვს წარმატებები, რომელთა არდანახვა არ შეიძლება.
პირველ რიგში ეს არის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, მოიმატა სიცოცხლის საშუალო ასაკმა, გაიზარდა მართლმადიდებელთა საერთო რაოდენობა, გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობაც, რომელთათვის ქართული მშობლიურ ენას წარმოადგენს და ეს კონტინგენტი დაახლოებით 40 ათასით აღემატება ქართველთა რაოდენობას. ეს ნიშნავს, რომ ქართული მშობლიური, სამეტყველო ენა არის ბევრი სხვა არაქართველისთვისაც.
თუმცა გვაქვს პრობლემები და ეს პრობლემები უნდა დავინახოთ არამარტო მოსახლლეობის აღწერის მიხედვით, არამედ მიმდინარე სტატისტიკითაც.
მოსახლეობის რაოდენობამ მოიმატა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მთელი მატების მხოლოდ 43% მოვიდა საქართველოს მოაქალაქეებზე. დანარჩენი 57% მოდის სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან,“ - განაცხადა მან.
არჩვაძის თქმით, წინა აღწერასთან შედარებით, საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდა არ არის პირველ ადგილზე და მათ სხვა ეროვნებები უსწრებენ.
„წინა აღწერასთან შედარებით, მაგალითად ინდოეთის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა 55-ჯერ, არაბული ქვეყნებიდან - 22-ჯერ, ისრაელის მოქალაქეების რაოდენობა დაახლოებით 15-ჯერ.
თვითონ საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის ზრდა არ არის პირველ ადგილზე, მაგალითად, გაცილებით სწრაფად გაიზარდა აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა. ესეც ფაქტია,“ - განაცხადა სტატისტიკოსმა.