საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების მიხედვით, განათლების სამინისტროსთვის პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co., Ltd. შეკერავს. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 45 658 840 ლარია, დღგ-ის ჩათვლით.

დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულება შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ 2026 წლის 19 ივნისს საქართველოში რეგისტრირებულ შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრისთან“ გააფორმა. შესყიდვის ობიექტს ჯამში 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმა წარმოადგენს.

ფასების ცხრილის თანახმად, თითოეული ტანსაცმლის ერთეულის ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა: გოგოს პიჯაკი 39.61 ლარი ღირს, ბიჭის პიჯაკი 35.43 ლარი, გოგოს კაბა 16.76 ლარი, ბიჭის შარვალი 19.65 ლარი, ხოლო გოგოს შარვალი ასევე 19.65 ლარი.

შესაბამისად, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტის ღირებულება, რომელიც ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან შედგება, 74.73 ლარია. გოგოს კომპლექტი კი, რომელშიც პიჯაკი, შარვალი და კაბა შედის, 76.02 ლარი ღირს.

ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით, ფორმების ძირითადი ქსოვილი 72% პოლიესტერის, 25% ვისკოზისა და 3% ელასტინისგან უნდა დამზადდეს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მზა პროდუქცია გათვლილი უნდა იყოს 40-გრადუსიან მანქანურ რეცხვაზე. გამოყენებული მასალები კი უნდა აკმაყოფილებდეს OEKO-TEX Standard 100-ის მოთხოვნებს.

სასკოლო ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპის ფარგლებში, 301 ათასი ერთეული ფორმა 2026 წლის 25 აგვისტომდე უნდა მიეწოდოს. მეორე ეტაპით, 600 ათასი ერთეული 15 ოქტომბრამდე, ხოლო მესამე ეტაპით, 900 ათასი ერთეული 30 ნოემბრამდე.

ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების საფუძველზე გაფორმდა. დოკუმენტში მითითებულია, რომ საქონლის მწარმოებელია ჩინური კომპანია Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co., Ltd., ხოლო ფორმების ბრენდია Eton Kidd.

მიმწოდებლისთვის განსაზღვრულია 12-თვიანი საგარანტიო ვადა. ამ პერიოდის განმავლობაში პროდუქციაზე დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიას მისი შეცვლა საკუთარი ხარჯით მოუწევს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის მარტში დაფუძნდა. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ კომპანია წარმოადგენს ჩინურ მწარმოებელს, რომლის სამკერვალო საწარმო ჯიანგსუს პროვინციაში მდებარეობს და რომელიც სასკოლო ფორმების წარმოებაზეა სპეციალიზებული.