ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა იწყება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე შეძენილია 15 500 მერქნიანი, მარადმწვანე და ფოთლოვანი დიდვარჯიანი ნერგი, რომლებიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაირგვება.
სამინისტროს ცნობით, პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა ახლად რეაბილიტირებული და მშენებარე სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანება, გზაგამყოფი ზოლებისა და სატრანსპორტო კუნძულების ლანდშაფტური მოწყობა, დეგრადირებული ნარგაობის ჩანაცვლება და მუნიციპალიტეტებში ახალი მწვანე სივრცეების შექმნა.
პროგრამის ფარგლებში გამოყენებული იქნება 16 სახეობის მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარე, რომლებიც, უწყების განმარტებით, ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორისაა არიზონის კვიპაროსი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, ჰიმალაის კედარი, მაგნოლია, ჭადარი, ცაცხვი და ნეკერჩხალი.
პროგრამის განხორციელება ქალაქ რუსთავში დაიწყო. ქალაქის შესასვლელთან არსებულ გზაგამყოფ კუნძულსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 250 ძირი ხე-მცენარე დაირგო, მათ შორის არიზონის კვიპაროსი და აღმოსავლური ჭადარი. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდნენ.
უწყების ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მომავალში ასევე დაგეგმილია რუსთავის ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლის მოწყობა მარადმწვანე ხეებით, ასევე სხვადასხვა რეგიონში ურბანული სივრცეების გამწვანება.
პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტებში უფრო ჯანსაღი, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად მდგრადი გარემოს შექმნა, რაც ერთდროულად გააუმჯობესებს როგორც ქალაქებისა და სოფლების ვიზუალურ იერსახეს, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ საცხოვრებელ გარემოს.