ევროპული ბირთვული კვლევების ორგანიზაციის (CERN) განცხადებით, დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა სამეცნიერო მუშაობა შეწყვიტა, რის შედეგადაც მსოფლიოში უდიდესი ნაწილაკების ამაჩქარებელი გაჩერდა.
დიდი ადრონული კოლაიდერი, რომლის ძირითადი რგოლის სიგრძე 26.6 კილომეტრს შეადგენს, შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს და ის 2008 წელს გაეშვა. სწორედ ამ კოლაიდერის წყალობით აღმოაჩინეს მეცნიერებმა "ღმერთის ნაწილაკად" წოდებული ჰიგსის ბოზონი - ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამეცნიერო მიგნებადაა მიჩნეული და გარკვეულწილად, სამყაროს რაობას ხსნის.
CERN-ის ამაჩქარებლებისა და ტექნოლოგიების დირექტორმა, ოლივიე ბრიუნინგმა აღნიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში კოლაიდერმა „ყველა მოლოდინს გადააჭარბა“. მისივე განცხადებით, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში აღნიშნულმა პროექტმა სრულად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე და მეცნიერთა, ინჟინერთა თუ უბრალო მოქალაქეთა მთელი თაობების შთაგონების წყაროდ იქცა.