სულ მალე, NASA რაღაც ისეთს შეეცდება, რაც აქამდე არასოდეს გაუკეთებია — კოსმოსური ტელესკოპის დედამიწაზე ჩამოვარდნისგან გადარჩენას რობოტის სპეციალური გამოყენებით.

თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმის სცენარს ჰგავს, მაგრამ NASA-ს იმედი აქვს, რომ ეს ძალისხმევა საკმარისი იქნება, რათა სიცოცხლე გაუხანგრძლივოს ობსერვატორია Swift-ს.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, მისია 30 ივნისს გაეშვება.

თუკი ეს მისია წარმატებული აღმოჩნდა, შემდეგი, ვისი სიცოცხლეს გახანგრძლივდება, ყველასთვის საყვარელი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპია.

„ეს პირველი ამერიკული კოსმოსური რობოტია, რომელიც ასეთ რამეს გააკეთებს. მაღალრისკიანი, მაგრამ უკიდურესად აუცილებელი მისიაა“, — ამბობს კომპანია Katalyst Space-ის ხელმძღვანელი გონჰი ლი. სწორედ ამ კომპანიასთან გააფორმა NASA-მ კონტრაქტი.

„Swift-ს გამორჩეული როლი აქვს ჩვენს ფლოტში. ამ მისიით ბევრ რამეს მოვიგებთ, რაც უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე Swift-ის შესაძლებლობათა ჩანაცვლება; ამავე დროს, NASA წინ წაიწევს აშშ-ის თანამგზავრების მომსახურების ინდუსტრიაში, რაც ყველასთვის სასარგებლოა“, — ამბობს NASA-ს ასტროფიზიკის განყოფილების დირექტორი შონ დომაგალ-გოლდმანი.

ტელესკოპი Swift-ი 2004 წელს გაუშვეს და ფოტოებს იღებს ხილულ, ულტრაიისფერ, რენტგენულ და გამა-გამოსხივების დიაპაზონებში.

ქვემოთ ხედავთ ულამაზეს მოზაიკას, რომელიც Swift-ის მიერ გადაღებული 330 ფოტოსგანაა შექმნილი.

ეს გახლავთ ჩვენი მეზობელი ანდრომედას გალაქტიკის ყველაზე მაღალი რეზოლუციის ფოტო ულტრაიისფერ სპექტრში და ასახავს 200 000 სინათლის წლის სიგანისა და 100 000 სინათლის წლის სიმაღლის ობიექტს.

თუმცა, უკვე რამდენიმე წელია, ობსერვატორია სწრაფად იძირება დაბლა.

დედამიწის დაბალ ორბიტაზე მოძრავი ყველა ხომალდი განიცდის დაბრკოლებას ჩვენი პლანეტის ატმოსფეროსგან; მამოძრავებელი სისტემების გარეშე, მათი განთავსების სიმაღლე თანდათან მცირდება და დედამიწისკენ მოიწევენ.

თუმცა, ბოლო პერიოდში მზის ძლიერი აქტივობის გამო, Swift-ი მოსალოდნელზე სწრაფად ვარდება.

გადარჩენისათვის, მას რაც შეიძლება მალე ესაჭიროება უფრო სტაბილურ ორბიტაზე გადატანა.

სწორედ ამ მიზნით გააფორმა NASA-მ კონტრაქტი კომპანია Katalyst Space-თან, რაც 30 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

NASA-ს განცხადებით, Katalyst-ის მომსახურების რობოტული ხომალდი LINK-ი 30 ივნისს გაეშვება რაკეტა Pegasus XL-ით.

რობოტი კოსმოსურ ტელესკოპს დაიჭერს და რამდენიმე თვის განმავლობაში აწევს მაღლა.

„კონტრაქტი მხოლოდ გასული წლის სექტემბერში გაფორმდა, ამიტომ, კომპანიას წელიწადზე ნაკლები ჰქონდა ხომალდის დაპროექტების, აგების, ტესტირებისა და გაშვებისთვის“, — განმარტავს NASA.

გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის ჯგუფმა განახორციელა ოპერაციული ცვლილებები, რათა ტელესკოპი დედამიწიდან 300 კმ სიმაღლეზე შეინარჩუნოს, რაც წარმატების შანსს გაზრდის.

რა თქმა უნდა, ტელესკოპის დედამიწაზე ჩამოვარდნა საფრთხე არავისთვისაა. თანამგზავრები დედამიწაზე ხშირად ცვივა.

ამ მისიას NASA კოსმოსური კვლევების სამომავლო პოტენციალის ტესტად მიიჩნევს.

„ეს გაბედული მიდგომა გაახანგრძლივებს Swift-ის სამეცნიერო სიცოცხლეს და ეს უფრო ეკონომიურია, ვიდრე ამ ობსერვატორიის უნიკალურ შესაძლებლობათა მთლიანად ჩანაცვლება“, — აღნიშნავს NASA.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი