მსურს, გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენი ლიდერობის მიმართ, რომელმაც ხელი შეუწყო ყაზახეთის უწყვეტ პროგრესს და გააძლიერა მისი, როგორც რეგიონში მნიშვნელოვანი და პატივსაცემი პარტნიორის პოზიცია, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს გაფართოებულ ფორმატში შეხვედრისას.
კობახიძის თქმით, დარწმუნებულია, რომ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას.
„მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას.
სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის თანამშრომლობის გასაფართოებლად ჩვენს ქვეყნებს შორის არაერთი მიმართულებით. მოხარული ვიქნებით, გიმასპინძლოთ საქართველოში. მადლობას გიხდით ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას და მოუთმენლად ველოდებით მისი შემდეგი სხდომის გამართვას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ის დამატებით მუხტს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.